ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს"განუცხადა, რომ IRI-ის წარმომადგენლებმა პარტიასთან შეხვედრა უკვე გამართეს და მათ ბოლო კლვევის შედეგები გააცნეს.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში არის ცუდი პრაქტიკა, რომ „IRI-ც და NDI-ც, ისეთი ქართული ორგანიზაციების მომსახურებით სარგებლობენ, რომელთა კვლევითი თუ საინფორმაციო საშუალებების სრული ზედამხედველობა და მართვა ხორციელდებოდა".
ვოლსკის თქმით, საზოგადოებაში და პოლიტიკურ პარტიებშიც კვლევების მიმართ უნდობლობის ასეთი მაღალი ხარისხი არ უნდა ნიშნავდეს, რომ დასკვნები არ გაკეთდეს და სიღრმისეულად არ იქნას შესწავლილი, თუნდაც უნდობლობის მიზეზები, რაც ამ კვლევის მიმართ არსებობს. „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე გარემოებას უსვამს ხაზს, მათ შორის 2012 წლიდან დღემდე ჩატარებული არჩევნების შედეგებსა და კვლევის შედეგებს შორის სხვაობას და კოალიციაში პოლიტიკური კონფიგურაციის ცვლილებას.
„უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც რთული, მაგრამ პრობლემათა აღმოფხვრის ტენდენციებით. სამწუხაროა, რომ პატარა ქვეყანას, საქართველოს არ გააჩნია იმდენი რესურსი, რომ გაუმკლავდეს მსოფლიო მასშტაბის ომით გამოწვეულ პრობლემებს, მაგრამ ისიც სახეზეა, რომ გაუმჯობესების ტენდენცია აშკარად სახეზეა. ეს ყველაფერი კვლევების დროს ნაწილობრივ აისახება, ნაწილობრივ მაინც დაკარგულია რეალური ვითარება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ციხეებში მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს, ამ კვლევების ავტორიტეტულობის ერთ-ერთი ინდიკატორია", - განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ხელისუფლება მთლიანად კვლევებს არ უნდა დაეყრდნოს და ყოველგვარი კვლევების გარეშეც უნდა იმუშაოს.
„საჭიროა მუშაობა. კვლევები, ინდიკატორი, სტატისტიკური მონაცემები საკმარისი აქვს თავად ხელისუფლებას. პრობლემები ძალიან ბევრია, მათ შორის უამრავია მემკვიდრეობით მიღებული და უამრავი იმ მძიმე მდგომარეობით გამოწვეული, რაც მესამე მსოფლიო ომის მასშტაბის დაპირისპირებამ შექმნა ჩვენს გარშემო. ზოგადად ადამიანების ცუდი განწყობა, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით, რომელიც საქართველოს გააჩნია. მაინც ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება" ის ძალაა, რომელიც ამ ყველაფერს გაუმკლავდება და ამავე დროს გააგრძელებს მთავარი მონაპოვრის განმტკიცებას და რეალიზაციას - ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვას. კვლევები აუცილებელი, საჭირო და საყურადღებოა. თუნდაც ნდობის დაბალი ხარისხით, ეს კვლევები იძლევა გარკვეული სახის დასკვნების გაკეთების საშუალებას. ხელისუფლებას საკმარისი რესურსი გააჩნია, რომ ამ დასკვნების რეალიზაცია მოახდინოს", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" გიორგია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ერთ კვირაში IRI-ს კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება და დასკვნების გამოტანა ყველას შეეძლება.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI ) პარტიებისთვის კვლევის შედეგების გაცნობა გუშინ დაიწყო. მედიას კი კვლევის შედეგებს IRI მომდევნო კვირას გააცნობს.