ავტორი ალა გრიგალაშვილი
„მე არ განვეკუთნები იმ დეპუტატთა რიცხვს, რომლებსაც შუბლზე აწერიათ
პარლამენტში მოვკვდე, დავიმარხოო", - ამბობს პარლამენტარი ალექსანდრე ქანთარია „რეპორტიორთან" საუბრისას. რა ეტაპზეა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი, რა საკითხებზე იქნება მსჯელობა პარტიის ყრილობაზე და იქნება თუ არა ქანთარია სიაში - ამ და სხვა საკითხებზე დეპუტატი „რეპორტიორს" ესაუბრა:
- ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე, საპარლამენტო უმრავლესობამ გამოთქვა მზაობა, 2 %-იანი პარტიები კვალიფიციურ სუბიექტებად გამოცხადნენ. რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ეს და შეუწყობს თუ არა ხელს პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებას საქართველოში?
- არ ვარ ამ პროცესში ჩართული და დეტალები არ ვიცი. მე ბარიერის დაწევის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ის, რომ კვალიფიციური სუბიექტი აღინიშნოს 2 %-ით, ამაზე შეიძლება ფიქრი და მსჯელობა. ვნახოთ, პროცესები როგორ განვითარდება. 2016 წელს ვერ მოხდება მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, დანარჩენ ყველაფერზე მოლაპარაკება შესაძლებელია.
- პარტიის დაგეგმილ ყრილობაზე რა საკითხებზე იქნება მსჯელობა?
- პარტიული ყრილობა გაიმართება 14 ან 15 მაისს. მთავარი საკითხი იქნება ის, რომ არჩეული იქნება პარტიის ლიდერი, ვგულისხმობ გიორგი კვირიკაშვილს. აირჩევა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. კონკრეტულად არ არის ცნობილი, ვინ შევა მის შემადგენლობაში. დაისახება მომავალი წინასაარჩევნო კამპანიის გეგმები. არ გამოვრიცხავ, ამ ყრილობაზე ახალი სახეებიც გამოჩნდნენ.
- თქვენ თუ იქნებით სიაში?
- მე არ განვეკუთნები იმ დეპუტატთა რიცხვს, რომლებსაც შუბლზე აწერიათ პარლამენტში მოვკვდე, დავიმარხოო. ეს ჩემი თვითმიზანი ნამდვილად არაა. შევხედავთ გარემოებას, საჭიროებას, თუმცა ერთ რამეში გარწმუნებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მე აქტიურად მივიღებ მონაწილეობას და ვიქნები ჩემს გუნდთან ერთად.
- საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში ვინ მიიღებს მონაწილეობას?
- საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში მონაწილეობას მიიღებს კოალიციის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ არა ერთპიროვნულად და ასევე პოლიტსაბჭო. არ გამოვრიცხავ, სიის ფორმირების პროცესში გათვალისწინებული იყოს მისი დამფუძნებლის მოსაზრებებიც. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ იქნება გადამწყვეტი. თავად ბატონ ბიძინასაც არ აქვს სურვილი, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს. მას სურს, სიის ფორმირება მოხდეს საერთო კონსენსუსის შედეგად. მთავარია, არჩევნები გაიმართოს მშვიდობიანად. ზოგადად, არჩევნები არის პოლიტიკური ბაზრობა, არცთუ ისე კარგი, მაგრამ უკეთესი ვერავინ მოიფიქრა. ამ ბაზრობაზე არიან გამყიდველებიც, გადამყიდველებიც, ქურდბაცაცებიც, თაღლითებიც... მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ხალხი უკვე გამობრძმედილია ამ ერთგვარ აფიორაში და კარგად გაარჩევს, ვინ ვინ არის და ვის შეუძლია, არ დაწიოს ქვეყანა უკან მომავალ 4 წელიწადში.
- უნდა გაიმართოს თუ არა რეფერენდუმი კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ დეფინიციის ჩაწერასთან დაკავშირებით?
- ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ერთხელ და სამუდამოდ - ეს ამბავი დავამთავროთ თუ მუდმივად უნდა იყოს ამაზე საუბარი. რეფერენდუმით მოისპობა საუბარი იმაზე, რომ არავინ არაფერს გვაძალებს და ჩვენი გადასაწყვეტია ეს ყველაფერი. ამით არ შეიძლება ევროპას მიაყენო ჩრდილი, რომ გვაძალებს რამეს. რეფერენდუმი არის იმისთვისაც, რომ ყველანი დავრწმუნდეთ - ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნის. მუდმივად ამოტივტივდებოდა ხოლმე ეს თემა, რადგან კონსტიტუციაში ხაზგასმით არ არის მეუღლეები განმარტებული. არ არის განმარტებული ქალი და კაცი, ეს გარკვეულ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ მეუღლეები შეიძლება იყვნენ კაცი და კაცი, ქალი და ქალი. მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება სახელმწიფომ მისცეს ამას მწვანე შუქი. ისე, ვისაც სად უნდა, როგორც უნდა, იქ იყოს, არავინ დასდევს ფარნით და სანთლით. დარწმუნებული ვარ, რომ 99% დაუჭერს მხარს, რომ ქორწინება არის ქალის და კაცის ერთობა.
- პრემიერის გამოსვლას სტრასბურგში როგორ შეაფასებთ?
- პრემიერის გამოსვლა სტრასბურგში იყო ძალიან კარგი. თავიდან მქონდა მცირეოდენი ეჭვი, რომ კონსტრუქციულობა არ გადასულიყო ერთფეროვნებაში, მაგრამ ასე არ მოხდა - პრემიერი იყო კონსტრუქციულიც და ჰქონდა საკმაოდ მკაფიო მესიჯებიც. ვფიქრობ, ძალიან ღირსეულად წარსდგა საქართველო სტრასბურგში.