logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: სააკაშვილი შეეცადა, ჭუჭყი და ტალახი მიესხა გიორგი კვირიკაშვილისთვის!
- +

22 თებერვალი. 2016. 11:28



„სააკაშვილი ყველნაირად შეეცადა, ჭუჭყი და ტალახი მიესხა გიორგი კვირიკაშვილისთვის, რომელსაც ნამდვილად ძალიან კარგი პოლიტიკა აქვს", - ამის შესახებ „რეპორტიორს" ლალი მოროშკინამ მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა, რომელიც ექს-პრეზიდენტმა „რუსთავი 2"-ს მისცა.


არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს წარუმატებელს უწოდებს. მოროშკინას თქმით, პრემიერის კრიტიკა, რომელსაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, წამგებიანი ნაბიჯია.


„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი კარგავს ჩვეულ პოლიტიკურ რიხს და გამოცდილებას. გუშინდელი ინტერვიუ იყო ერთ-ერთი ყველაზე წამგებიანი ინტერვიუ, რაც მას ჟურნალისტებისთვის მიუცია. მინიმუმ, უნდა იცოდეს, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მხარდაჭერა და ძალიან დიდი სიმპათია აქვს ხალხში. ამ დროს დარტყმა ბატონ გიორგი კვირიკაშვილზე დარტყმაა საქართველოს მთელ  მოსახლეობაზე. ამ ადამიანს უწოდო ხელის ბიჭი და მოიხსენიო აუგად, არის ძალიან უარყოფითი ნაბიჯი. პიარტექნოლოგიური თვალსაზრისით, გაცილებით გამართლებული იქნებოდა, ეთქვა, რომ არის შეცდომები, მაგრამ ახალი პრემიერ-მინისტრის მუშაობა დადებითია, მაგრამ სააკაშვილმა ვეღარ შეძლო ბოღმის შეკავება და პირველი დარტყმა მისი მხრიდან იყო კვირიკაშვილზე ამ ინტერვიუში. ასევე მინდა აღვნიშნო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა გადაეფარა პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტი. მან შეაფერხა იმ მნიშვნელოვანი მესიჯების მოწოდება საქართველოსთვის, რასაც ჰქვია ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე არსებული პრობლემები და ეს იშიფრება, როგორც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

 

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობაც" კი აღნიშნავს, რომ კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერია. საკუთარი ლიდერის გუშინდელ ინტერვიუს კი დღეს მათ რიგებში ბევრი უარყოფითი მითქმა-მოთქმა მოჰყვება, თუნდაც კულუარულად", - განუცხადა „რეპორტიორს" ლალი მოროშკინამ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner