ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში სამუშაო დღეს დაგეგმილ „Maroon 5"-ის კონცერტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ მუშაობენ სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიებთან, რათა დაინტერესებულმა ადამიანებმა რაც შეიძლება კომფორტულად იმგზავრონ თბილისიდან ბათუმში.
ვიცე-პრემიერმა ასევე, 27 მაისს, რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსმენელებისთვის „დინამო არენას" კარი 17:00 საათზე გაიღება, კონცერტი კი, დაახლოებით 21:00 საათზე დაიწყება.
„შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 27 მაისს ყველანი მოვახერხებთ უპრობლემოდ მისვლას „დინამო არენაზე". რაც შეეხება 7 ივნისს ბათუმში დაგეგმილ „Maroon 5"-ის კონცერტს, ეს კონცერტი მართლაც დაემთხვა სამუშაო დღეს. ახლა ვმუშაობთ როგორც „საქართველოს რკინიგზასთან", ასევე, სხვა სატრანსპორტო კომპანიებთან, რათა რაც შეიძლება კომფორტულად იმგზავრონ დაინტერესებულმა პირებმა თბილისიდან ბათუმში.
ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროდუქტი არამარტო გარე, არამედ შიდა ტურიზმისთვისაც, რადგან ეს არ არის მხოლოდ სამი ან ოთხი კონცერტი, ეს არის 35 ფესტივალი, რომელიც ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და, რომელიც ხელს უწყობს როგორც გარე ტურიზმის, ასევე შიდა ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.