თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმეზე მომდევნო სხდომა 15 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
„2017 წლის 15 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, ბრალდებულ ოთარ ა.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა 10 000 ლარის ოდენობით გირაოთი და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო.
წარდგენილი ბრალის თანახმად, ოთარ ა.-ს ბრალად ედება ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირ მოთხოვნა და მიღება, რათა მან თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, აგრეთვე გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა.
მოცემულ საქმეზე არსებითად განხილვის მომდევნო სხდომა 2018 წლის 15 თებერვალს 16:00 საათზე გაიმართება", - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავა.