ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ბ.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ბათუმში ბ.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას, მოკვლის განზრახვით ზ.ჯ.-ს მჭრელი საგნით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.ჯ. სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბ.ჯ. 2017 წლის 10 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.