logo_geo
eng_logo
ერთი სამართალდამცველისა და კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლება პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა
- +

15 იანვარი. 2018. 21:10



თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კლუბ „ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, საქართველოს პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საგამოძიებო ორგანო ბრალდებულის პატიმრობას ითხოვს.


გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი „ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს - 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს - 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს - 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1990 წელს დაბადებული თ.ქ. თბილისში დააკავეს. თ.ქ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდებულ პირს, გირაოს სანაცვლოდ 30 000 ლარი შეეფარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner