რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა ადგილზე მისულმა რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსმა. თამაზ მეშველაშვილის თქმით, მიმდინარეობს ექსპერტიზები და საგამოძიებო მოქმედებები.
„შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ კაბინეტში ბაზრობის დირექტორი ნახეს. მოსვლისთანავე, ცხედრის დათვალიერების შემდეგ, ვნახეთ, რომ ცხედარს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ჭრილობები სხეულზე. გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მიმდინარეობს ექსპერტიზები და საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა თამაზ მეშველაშვილმა.
ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა აღმოაჩინა. მოკლულის ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზაზე გადაასვენეს.