საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, ქვემო ქართლში არსებულ სავაჭრო ობიექტში ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ქალაქ თბილისში, ყალბი 100-დოლარიანი და 100 თურქული ლირის ნომინალის კუპიურა გაასაღეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 700 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი და 50-ლარიანი კუპიურები, 9 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები და 48 800 ყალბი თურქული ლირა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.