logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა...
- +

17 იანვარი. 2018. 14:24


„შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია და ამას არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა არსებობს მორალური მხარე, არსებობს საზოგადოების მოლოდინი და ის აქტუალური კონტექსტი, რომელშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს", - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის შეწყალების უფლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„რა თქმა უნდა, შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და ეს საკითხი არავის არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, თუმცა მაგალითისთვის მოვიყვან, როდესაც ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში ვსაუბრობთ მძიმე ნარკოტიკებზე, ან მძიმე ნარკოტიკების რეალიზატორებზე, ან ნარკოტიკების გავრცელებაზე და ვამბობთ, რომ ეს ის მიმართულებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს ეფექტური ნარკოპოლიტიკის ჭრილში და ამავე დროს, როგორც მაგალითი, შეიძლება მოხდეს მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, მათ შორის, პრეზიდენტსაც აქვს ვალდებულება, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები უფრო ახსნილი იყოს საზოგადოებისთვის, რომ გარკვეულ ლოგიკურ წინააღმდეგობაში არ აღმოვჩნდეთ. როდესაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ მაგალითად, საკმაოდ აქტიურად გვიწევს კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა და იმ შემთხვევაში, თუ ხდება კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი, ამ მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, ვფიქრობ, რომ აქ აუცილებელია, საზოგადოებისთვის იყოს უფრო დეტალურად ახსნილი, თუ რა მოტივებით ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია და არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა არსებობს მორალური მხარე, არსებობს საზოგადოების მოლოდინი და ის აქტუალური კონტექსტი, რომელშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს", - განაცხადა გახარიამ.


შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, „დღეს ყველას გვესმის, რომ სასამართლოს სულ სხვა, ძალზედ მაღალი სტანდარტი აქვს".


„ასევე კარგად გვესმის, რომ პენიტენციურ სისტემაში სულ სხვა მდგომარეობაა და როდესაც მსგავს პირობებში მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანის, პიროვნებების შეწყალება ხდება, საზოგადოების მოლოდინი, რომ იყოს უფრო ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილების მოტივების კონტექსტში და საერთოდ, უფრო იყოს ახსნილი, თუ რა მოტივებით ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, ამაში არაფერია გასაკვირი", - განაცხადა გახარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner