პროკურორი ქეთევან ჩაჩავა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის მიმართ აღძრულმა ე.წ. პიჯაკების საქმემ ქვეყნის საზღვრებს გარეთ უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩააყენა. პროკურორმა გიორგი მარგველაშვილის გუშინ გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილი საქმის მასალებს საერთოდ არ იცნობს, რის გამოც პრეზიდენტს სიღრმისეული საუბარი არ შეუძლია.
„ეს არის მცდარი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ის გაკეთებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ის არ იცნობს სისხლის სამართლის მასალებს, შესაბამისად, ამ საკითხზე სიღრმისეულად საუბარი არ შეუძლია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პირადი კომფორტისთვის ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას. არც ერთ საჯარო მოხელეს, მიუხედავად მისი სტატუსისა და მაღალი თანამდებობისა, არ შეუძლია პირადი კომფორტისა და ხარჯებისთვის გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტი, შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები. ბრალდება თავის პოზიციას დაასაბუთებს", - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.
მისივე განმარტებით, „ეს საქმე 300-ზე მეტი ტომით შედგება და საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ საქმეს არ გასცნობია".
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თემურ ჯანაშიას საქმეზე პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული იქნა პროკურატურის წერილობითი მტკიცებულები, რომლითაც ბრალდების მხარის განმარტებით, სააკაშვილისა და ჯანაშიას ბრალეულობა მტკიცდება საბიუჯეტო თანხების პირადი მიზნებით გამოყენების კუთხით.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრულმა ე.წ. პიჯაკების საქმემ ქვეყნის საზღვრებს გარეთ უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩააყენა.
„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი არაერთ მაღალი დონის შეხვედრებზე. მეკითხებოდნენ: ამაზე ასამართლებთ პრეზიდენტსო?" - განაცხადა მარგველაშვილმა.