ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამ კვირაში მედიამ (ყველამ) ძალიან „საინტერესო" და „უცნაური" როლი მოირგო. ინფორმაციები ისეთი ფორმებით ვრცელდება, რომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა ორ რადიკალურად განსხვავებულ პოლუსად იყოფა და არა მხოლოდ რეალური ვითარება, განხილვის შესაძლებლობაც კადრს მიღმა რჩება.
არავის ქებას არ ვაპირებ, უბრალოდ ყველაფერს თავისი სახელი მინდა დავარქვა.
1. ვაქცინაცია - რა ინფორმაციაც გავრცელდა სრული აბსურდია და საზოგადოების ყურადღება გადავიდა იმ საკითხზე, რომ თურმე ყველა აცრა მავნებელი ყოფილა. ასევე არ მიექცა ყურადღება იმ საკითხსაც, რომ ეს ე.წ. საერთაშორისო ორგანიზაციები, როცა თავიანთ „მორიგ მოსაზრებებს" აფიქსირებენ, არ მოითხოვენ მოხმარებიდან არსებული ვაქცინების მომენტალურად ამოღებას. და ყველაზე მთავარი: მიუხედავად ძალიან კომპეტენტური განმარტებებისა, მედიამ მაინც ე.წ. სკანდალის ფორმატში განაგრძო ამ თემის „ტრიალი".
2. საბავშვო ბაღების რაციონი - მედიის მხრიდან არაფერი ითქვა იმის თაობაზე, რომ კალორიულობა შემცირდა ა) საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე; ბ) შემცირდა შაქრისა და მარილის ამოღების ხარჯზე და ყველა „გამშუქებელს" რატომღაც დაავიწყდა, რომ შაქარსა და მარილს უკვე დიდი ხანია „თეთრ სიკვდილს" ეძახიან.
3. „ბასიანის" საქმე - ამ ე.წ. ჟურნალისტ-გამომძიებლებს რატომღაც გამორჩათ ე.წ. კლუბების დაცვის სამსახურებში მომუშავე ხალხის მენტალიტეტი, არ გამოუკითხავთ ის ადამიანები, რომელთაც ისინი შეურაცხყოფას აყენებენ, არასდროს დამდგარა საკითხი ე.წ. ფეის-კონტროლის შესახებ, იმ მხრიდან, არის თუ არა ეს ნორმა ადამიანის უფლებების დარღვევა და ბულინგი. არ გახმიანებულა ის, რომ მიუხედავად იმისა ამ კლუბის უკვე არასაეჭვო რეპუტაციისა, რატომ არ ხდება მისი შემოწმება სოფელ ფონიჭალას მსგავსად და ბოლოს: როგორ აღმოჩნდა პოლიციის უფროსის მოადგილე კლუბში", - წერს გაბრიჭიძე.