შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ო.ქ., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.