„2017 წელი მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა, რაც გამოხატა მაკროეკონომიკურ პარამეტრებში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან 2017 წლის ფისკალური წელი შეაჯამა და ისაუბრა მიღწეულ ფისკალურ პარამეტრებსა და გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელზე.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დადებითია დინამიკა ისეთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში როგორიცაა დაგეგმილთან მიმართებაში მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლების ტენდენცია, ექსპორტის ზრდის მაღალი მაჩვენებელი როგორც სასაქონლო ისე მომსახურების სფეროში, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანწილად, განპირობებულია ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალურ პოლიტიკით.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 2017 წლის ბიუჯეტში აისახა თვისობრივად გარდაქმნილი ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა ინვესტიციების ზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას და ეკონომიკური ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შექმნას. როგორც მან განაცხადა, რეფორმამ მნიშვნელოვანი რესურსი შექმნა კერძო სექტორის განვითარებისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
მისი თქმით, ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებული რეფორმების პაკეტი, საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 2017 წელს მიღწეულ შეთანხმებას ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის პროგრამაზე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში, რომელის პირველი მიმოხილვა წარმატებითაა დასრულებული.