სადილი მდიდართათვის....
ერთხელ, დილით ადრე გამეღვიძა, თუმცა არც მძინებია ნორმალურად, ახალი ნაოპერაციები ვიყავი და თანაც, რამდენიმე დღის მშიერი. ძალზე ცუდად ვგრძნობდი თავს და რა მექნა, ან რა მეფიქრა, არ ვიცოდი. ანგარიშმიუცემლად ჩავრთე ტელევიზორი და მექანიკურად მივაშტერდი ეკრანს, საიდანაც ლამაზი და მოწესრიგებული ქალბატონი გვიღიმოდა. მის წინ მდგარ მაგიდაზე, ტელეწამყვან მასპინძელ მამაკაცს სადილის მოსამზადებელი მასალა დაეხვავებინა და მიწვეულ ქალბატონს მისი მომზადების რეცეპტს მოწიწებით ეკითხებოდა. ქალი ერთობ გახარებული ჩანდა, რადგან თავის თანამემამულეებს საკუთარ „აღმოჩენას" სთავაზობდა. ის ზედმეტად ნაზად იხრებოდა აქეთ - იქით და საგანგებოდ შერჩეულ ხორცის რბილობს ცხვირწინ უტრიალებდა ქვეყანას, რათა სხვებსაც სცოდნოდათ, თუ როგორი ნაჭერი აერჩიათ მისი საფირმო კერძის გასაკეთებლად. ჩემსა და ტელევიზორს შორის სულ სამი მეტრი იქნებოდა, მაგრამ ეს მანძილი არ გვაშორებდა მე და იმ მშვენიერ ქალბატონს, ჩვენს წინაშე აღმართულიყო უხსოვარი დროიდან შექმნილი ზღუდე, რომელიც აშორებს ორი განსხვავებული ფენის ადამიანს - მდიდარს და ღარიბს. რას ლაპარაკობდა ბედნიერი ქალი, უკვე აღარ მესმოდა, მაგრამ იმას კი ვგრძნობდი, რომ ძალაგამოცლილი გონება მაიძულებდა, მეფიქრა. მეც რაღა დამრჩენოდა მეტი, უღონოდ მივდე თავი ბალიშზე და ცრემლების თანხლებით გავუდექი იმ სიბრძნისეულ გზას, რომელსაც სხვაგვარად ცხოვრების ფილოსოფიასაც უწოდებენ. ფიქრის დაწყებისთანავე, ვცდილობდი, გამომერიცხა სიძულვილი, რომელიც სულს დამიბინძურებდა და ამავე დროს, შეაფერხებდა ჩემი გამოჯანმრთელების პროცესს. ამიტომ, უეცრად მივიღე საპირისპირო გადაწყვეტილება და ტელევიზორის ეკრანს უფრო მეტი სერიოზულობით მივაჩერდი. ვუყურებდი ღვთისგან სილამაზით დაჯილდოვებულ ქალბატონს, რომლის თვალებში ბოროტება, ზიზღი და სიცივე ვერაფრით ამოვიკითხე. და პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო კითხვა: ნეტავი, მან რომ იცოდეს, მე ვუყურებ, თუ გააგრძელებდა საუბარს? ანდა, მანამდე რომ სცოდნოდა ჩემი არსებობა, თუ მიიღებდა ამ გადაცემაში მონაწილეობას? - ამ კითხვას იმ წამსვე მოჰყვა პასუხი: მან არ იცის ჩემნაირების არსებობის შესახებ. მას არ შეუძლია დამინახოს მე, რადგან ჩემსავით არ შია, არ სცივა, არ ტირის უპერსპექტივობის გამო და ჩემგან განსხვავებით შეუძლია ოცნება, ოცნება მომავალზე. მაშ, რაში შეიძლება იყოს დამნაშავე ეს ქალბატონი? იმაში, რომ ის ჩაბმულია მოდის ფერხულში და ცხოვრობს უდღეური წესით, მაგრამ თუ ის გაეცნობა ზედმიწევნით ქრისტიანულ მოძღვრებას, მხოლოდ მაშინ შეაფასებს იგი რეალურად მოვლენებს და, როცა დაბლა დაეშვება, სხვა ყველაფერთან ერთად მეც დამინახავს. მანამდე კი ვნახოთ დამნაშავე, რომელსაც ქალის გამართლების შემდეგ ძალიან იოლად მივაგენი: ეს არის ადამიანი და ეს არის გონება, რომელსაც თავში მოუვიდა სადილი იმ ქვეყნისათვის, სადაც ხალხის უმეტესი ნაწილი შიმშილით იხოცება. იმ თანამემამულეებისათვის, რომლებიც ამ სადილის ეთერში გასვლის დროს ნაგავსაყრელზე ღორების გვერდით იკვებებიან. ანდა ჩემთვის, კუჭზე გადაჭრილი, ნაოპერაციები მშიერი კაცისთვის, რომელიც ცრემლიანი თვალებით შევცქერი და ერთადერთი კითხვა მებადება, რატომ?
გადიოდა დღეები. თითოეული წამი და წუთიც ჯოჯოხეთად ქცეულიყო ჩემთვის. ვიმშვიდებდი თავს და შველას ზეციდან ვითხოვდი. სიძულვილს გულის კარს არ ვუღებდი, მაგრამ მაინც მიღრღნიდა ნერვებს. ჩემი ბალიში დღედაღამ სველი იყო; ცრემლს გამოჰქონდა ის სევდა, რაც ჩემმა სამშობლომ ასე გულუხვად გამოიმეტა ჩემთვის. საშველი არ ჩანდა, ყველამ გამიმეტა უკვე სასიკვდილოდ. ასე დადგა 31 დეკემბერი. ეზოში მეზობლებთან ხალხის მისვლა- მოსვლა არ წყდებოდა. ემოციით დატვირთული ადამიანები ხმამაღლა გამოხატავდნენ სიხარულს, რაც ყოველთვის თან სდევს შობა - ახალი წლის დადგომას. მე კი ვიწექი გარინდული და შევყურებდი ჩემს ორი წლის ბიჭუნას, რომელიც ტირილისთვის ემზადებოდა შიმშილისა გამო. დიახ, ზეიმობდა ქვეყანა, ჩვენ კი ერთი ნაჭერი პურიც არ გვქონდა. ბავშვმა ტირილი დაიწყო. ჩემმა მეუღლემ ვეღარ მოითმინა და გვერდით მეზობელთან გავიდა რამის სათხოვრად. იქიდან მალე დაბრუნდა პატარა ლამბაქით ხელში, სადაც ორი ნაჭერი პური და ორიოდე კოვზი შაქრის ფხვნილი იყო. ბინდდებოდა. ჩემი შვილი გაფაციცებით შეჰყურებდა თეფშს, აინტერესებდა, რა მოუტანა დედამ. გიორგი მადიანად შეექცეოდა შაქარმოყრილ პურის მოზრდილ ნაჭრებს, როცა ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. ხშირად ხდებოდა, რომ მეზობელს კითხულობდნენ. ამიტომ, წამოვწიე თავი საწოლიდან და უსიცოცხლოდ გავძახე: ვინ გნებავთ? - თამაზ ალავიძე აქ ცხოვრობს? მოისმა მამაკაცის ხმა. - დიახ, მობრძანდით ! - შევძახე, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ტონით. კარი რომ გაიღო, მოულოდნელობისაგან გავშეშდი, - ჩემს წინ მაღალი რანგის სასულიერო პირი იდგა. ის მომიახლოვდა, თავზე ხელი დამადო და მითხრა:
- ძმაო და შვილო, ახლა გავიგე შენი მდგომარეობა და ვეღარ გავჩერდი. რა გჭირს, რა ხდება შენს თავს? - მკითხა და ბავშვისკენ გააპარა მზერა, რომელსაც დედა შაქრიან პურს აჭმევდა. - შაქარს და პურს აჭმევთ? - ჩაილაპარაკა ჩუმი ხმით მოძღვარმა. სანამ ვინმე რამეს იტყოდა, ყველას დაასწრო უკან მოყოლილმა მისმა მძღოლმა: - მეც მიყვარდა ბავშვობაში შაქრიანი პური !
რამდენ ხანსაც არ უნდა ვიცოცხლო, არასოდეს დამავიწყდება ბერის სახე და თვალები, როცა მან გვერდით მდგომ კაცს გახედა. იმ თვალებში იყო შეგრძნება ჩვენი ყოფისა, სინანული და ვედრება ერთად, დატუქსვა ადამიანისა და ფიქრი შემდგომი მოქმედებისა. ეს მომენტი სულ სამ - ოთხ წამს გაგრძელდა; კაცი გაუხერხულდა და გაჩუმდა, ხოლო ბერი მე მომიბრუნდა:
- ნუ გეშინია, შენ ადგები, შენ სჭირდები შენს შვილს. - მითხრა ღიმილით და გიორგის გადახედა, რომელიც თავადაც გაოცებული შეჰყურებდა მისთვის უცნაურად ჩაცმულ სტუმარს.
სტრესებისგან დაოსებულმა ვეღარ გავუძელი ჩემი ბედის ასეთ ცვალებადობას და ტირილი ამივარდა.
- აღარ მინდა სიცოცხლე ! - ამოვიძახე ჩემდაუნებურად და თვალები გამოვიმშრალე. - ნუთუ იმისათვის მოვედი ამ ქვეყნად, რომ მენახა განვითარებული მსოფლიო და ამხელა პროგრესის ფონზე ვიღაცისგან სამადლოდ ნათხოვარ ამ სველ სარდაფში შიმშილით ამომხდომოდა სული?! გული მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება, - ხმის ტონს ცოტა დავუწიე. - რომ ჩემს სამშობლოში დანერგილია ისეთი ცხოვრების კანონი, რომელიც საშუალო და ინტელექტუალურ ფენას პირდაპირ უკრძალავს არსებობას; მეტიც, აჩქარებს და ამოკლებს ჩვენი სიცოცხლის გზას. ეს კი მიმდინარეობს არა ჩუმად და მალულად, არამედ ხორხოცით, გნიასით, ყიჟინით. ეკრანიდან გვთავაზობენ სადილს, მაგრამ არ გვიგზავნიან. ყველას თვალწინ მსჯელობენ ხალხის კეთილდღეობაზე და ჩვენ კი ვდგავართ უძრავად. დღედაღამ ლაპარაკობენ ქველმოქმედებაზე, მაგრამ ჩემნაირი არავის გაუკითხია. აი, ნამდვილი სურათი ჩვენი ქვეყნისა, რომელიც, სამწუხაროდ, შექმნეს იმ ადამიანებმა, რომელთაც გაჭირვება არასოდეს განუცდიათ. - სიტყვა დავამთავრე და ამოვისუნთქე. თითქოს რაღაც ტვირთი მომეხსნა, რადგან ნაწილობრივ მაინც ვთქვი ის, რაც უკვე ძალიან მაღიზიანებდა.
ბერს თვალი არ მოუცილებია ჩემთვის, სერიოზული სახით მისმენდა. რომ დაინახა, სათქმელს მოვრჩი, მშვიდად მომიგო:
- ეს პრობლემა ახალი არ არის. როცა იესო კაცობრიობას მოევლინა, მაშინაც იყვნენ მეფეები, მდიდრები, ავაზაკები, ფარისევლები და, შენ წარმოიდგინე, შენნაირი ღარიბებიც. მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ, უფალი მხოლოდ ღარიბთათვის მოვიდა? არა, ჩემო შვილო და ძმაო, უფალი ყოველი ჩვენგანისთვის მოვიდა. მან ჩვენი დახსნისთვის მიიღო გოლგოთა. მართალია, მის გვერდით ძირითადად ღარიბები იდგნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, როგორებიც არიან: მეძავი ქალბატონი, რომელმაც იესოს სიყვარულით მოინანია და მას შემდეგ აღარ შესცოდა; ასისთავი, ვინც თავისი შვილის განკურნების გამო აღიარა იგი; მებაჟე, რომელიც შეწყალებას ითხოვდა და განიწმინდა საკუთარი ცოდვებისაგან; ჯვარცმული ავაზაკი, რომელმაც დაინახა და შეიცნო; ასევე გავიხსენოთ იოსებ არიმათიელი, როგორ გაიღო თავისი ქონების უმეტესი ნაწილი იმისათვის, რათა გამოეთხოვა პილატესაგან ნება, ჯვარცმული იესოს გარდამოხსნისთვის და წესის აღსრულებისთვის.
ბერმა შემატყო, რომ ყველაზე მეტად მდიდრების მიმართ ვიყავი ცუდად განწყობილი და საუბრის ბოლო ნაწილიც სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა. მომიყვა სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე ქველმოქმედ ქრისტიანებზე, ამ ბრწყინვალე დამოძღვრის დროს, რომელიც, ალბათ, ნახევარ საათს გაგრძელდა, შუალედში, ჩემს მეუღლეს ელემენტარული საჭმლის ფული მისცა, რომ სანამ მაღაზიები დაიკეტებოდა, მოეტანა ბავშვისთვის რაიმე. ამავე დროს, გამოართვა წამლის ყველა რეცეპტი, რაც კი გამოწერილი მქონდა. ჩემი მეუღლე იქვე, ახლომდებარე მაღაზიიდან მალევე დაბრუნდა. ბერი ჩემს ბიჭუნას ეფერებოდა და წასასვლელად ემზადებოდა. კართან როცა მივიდა, გვითხრა, რომ მალევე დაბრუნდებოდა. ჩვენ მისი გასვლისთანავე ავტირდით; ეს იყო სიხარულის, ბედნიერების, იმედის და სასწაულის ხილვით გამოწვეული ცრემლები. მხოლოდ გიორგი მისდგომოდა გაფართოებული თვალებით დაბალ მაგიდას და აღტაცებული ურევდა პარკში ხელებს, სადაც იოლად აღმოეჩინა ლამაზ - ლამაზ ქაღალდებში გახვეული კანფეტები. ვაცილებდით მწუხარებას და ვეგებებოდით სიხარულს. მადლობას ვწირავდით ღმერთს ჩვენთვის მშველელის გამოგზავნისთვის. ჩვენს ოჯახში სუფევდა ისეთი განწყობა, რის გადმოცემასაც ვერცერთი უდიდესი კლასიკოსი მწერალი ვერ შეძლებს.
ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მოძღვარი დაბრუნდა. მან მოიტანა ყველა წამალი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ძალიან ძვირი ღირდა და არც მეგონა, როდისმე თუ შევძლებდი მის გაკეთებას. გარეთ კარგად დაღამებულიყო და ქარის ზუზუნი ისმოდა. ოთახში ძალიან ციოდა, რადგან გათბობის ერთი საშუალება ნავთქურა გვქონდა, ისიც საწვავის გარეშე. ამიტომ, ჩემი ცოლ - შვილი ისევე იყვნენ სახლში ჩაცმულები, როგორც გარეთ. ბერმა ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი. მერე ყველას სათითაოდ მოგვეფერა და როცა უკვე თვალში ცრემლი შევნიშნე, დაგვემშვიდობა, ბედნიერება გვისურვა და წავიდა. წავიდა და დაგვიტოვა ძალიან ბევრი საფიქრალი, მაგრამ საფიქრალი ისეთი, რომელსაც თან არ ახლდა ნერვიულობა. ასე რომ, დავრჩით მომავლის იმედით შეპყრობილნი და ისეთი გახარებულნი, დარწმუნებული ვიყავით, მთელს ჩვენს ქვეყანაში არ მოიძებნებოდა ჩვენზე უფრო ბედნიერი ოჯახი, მაგრამ რა ვიცოდით, რომ გაცილებით მეტი გველოდა, დაახლოებით, სამი საათის შემდეგ.
თორმეტის ნახევარი იქნებოდა. ჩემი მეუღლე სუფრას აწყობდა. კარზე კაკუნი გაისმა. მართალი გითხრათ, გავოცდი. როცა ჩემმა ცოლმა კარი გამოხსნა, ეს გაოცება გაგვიორმაგდა, - ზღურბლზე ბერის მძღოლი იდგა პარკებით ხელში.
- კარი არ დაკეტოთ! - დაიძახა მან, როდესაც პარკები ოთახში დაალაგა და უკვე გარეთ გადიოდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ამ კაცს შემოჰქონდა და შემოჰქონდა რაღაცები. ჩვენ გვქონდა აუარებელი საჭმელ - სასმელი, ელექტრო ღუმელი, დატვირთული პატარა გაზქურა, ნავთი და მრავალი სხვა, რომლის ჩამოთვლაც, უბრალოდ, შეუძლებელია. მძღოლმა ბოდიში მოგვიხადა, კარგად ყოფნა და გამოჯანმრთელება მისურვა, ერთი პატარა ბარათი გადმომცა და წავიდა.
„შვილო და ძმაო, თამაზ, - მწერდა ბერი. - ეს ყველაფერი იმ მდიდარმა ადამიანებმა გამოგიგზავნეს, ვისზეც ცოტა გაბრაზებული იყავი. ამავე დროს, მითხრეს, რომ მოგხედავენ და ფეხზე დაგაყენებენ. იცოდე, რომ შენ მათ უყვარხარ. უყვარხარ ღმერთსაც და გახსოვდეს, ის არასოდეს მიგატოვებს."
გარეთ თოფების სროლა ისმოდა. ადამიანებს უხაროდათ ახალი წლის მოახლოვება. მათ შორის იყო ჩემი ოჯახიც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მე მრცხვენოდა საკუთარი თავის, რადგან უკვე გარკვევით ვხედავდი მდიდარსა და ღარიბს შორის აღდგენილ ხიდს, რომელიც სასულიერო პირის მხრებზე გადიოდა.
ბოლოთქმა: ოთხი თვის შემდეგ, როცა ფეხზე დავდექი, ჩემს გადამრჩენელ ბერს ვეწვიე მისსავე საცხოვრებელში და მინდა გითხრათ, რომ კაცმა, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში მეფურად შემინახა, აღმოჩნდა უღატაკესი ბერი.
აქ ხსენებული სასულიერო პირი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი მეუფე თადეოზი ბრძანდება, რომელმაც 1997-98წწ. მიჯნაზე ჩემი ოჯახი იხსნა ფიზიკური განადგურებისაგან."
მწერალი თამაზ ალავიძე