logo_geo
eng_logo
სასამართლომ 4 პირის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
- +

20 იანვარი. 2018. 14:05



თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ს.ს-ს აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.


„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე, ქ. თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან „აღა"-ში, ს.ს.-მ იქ მყოფ საზოგადოებას  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დანის გამოყენებით  რ.ბ.- ს მარჯვენა ფეხის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რამაც კუნთის დაზიანება გამოიწვია და ჩაუტარდა ოპერაცია, დ.ქ. - ს დაარტყა დანა მარცხენა კოჭის არეში და მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, მ.მ. - ს მარცხენა მუხლის უკანა ნაწილში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო მ.ბ-ს, ასევე დანის გამოყენებით ფეხისა და წინამხრის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

ს.ს. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღის ან იარაღად  სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

 

ს.ს. წარსულში ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით არის გასამართლებული", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner