ბათუმში ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე 62 მილიონი ლარის ღირებულების ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება.
3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება.
თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა.
შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება.
მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.
„ეს არის კიდევ ერთი მეგა პროექტი. სულ მალე ბათუმი მიიღებს მრავალფუნქციურ სპორტულ კომლექსს. ხედავთ, რომ ეს სიტყვაც უკვე იქცა საქმედ, სამშენებლო პროცესი დაწყებულია. აქ განთავსდება 26 სპორტული სექცია, სივრცეები, რომლებიც უმასპინძლებს არა მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებს, არამედ საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოფენებს", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
სპორტული კომლექსის მშენებლობა 16 თვეში დასრულდება.