უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკა ზღულაძეს გადაწყვეტილი აქვს დატოვოს თანამდებობა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას უკვე დაწერილი აქვს განცხადება, რომელიც ჯერ არ არის შეთანხმებული მინისტრ არსენ ავაკოვთან. ზღულაძის წასვლის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მიზეზად სახელდება უკრაინაში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმის კრახი.
კორუფციული სქემებისა და მაქინაციების მეშვეობით სასამართლოები უკან აბრუნებენ სამინისტროს ძველ თანამშრომლებს, რომლებმაც ვერ გაიარეს ხელახალი ატესტაცია, ხოლო ახლების აყვანა შეგნებულად ფერხდება.
უკრაინული მედიის ცნობით, თანამდებობის დატოვება აქვს განზრახული ხატია დეკანოსიძესაც, რომელიც უკრაინის ეროვნულ პოლიციას ხელმძღვანელობს. უკრაინა დატოვა საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა. რას უკავშირდება ზურაბ ადეიშვილის უკრაინიდან კვლავ ბუდაპეშტში დაბრუნება, უცნობია, არსებული ინფორმაციით კი, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გუნდში განხეთქილებაა.
„ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში კი ჰყვებიან, რომ ადეიშვილს ბოლო პერიოდში უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობები დაეძაბა და მოსალოდნელ საფრთხეებს თავი აარიდა.