„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ალექსანდრე კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
შოთა ისაკაძეს გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განესაზღვრა. გირაოს გადახდამდე ისაკაძე პატიმრობაში რჩება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული შ.ი. ძალადობის ბრალდებით 19 იანვარს დააკავეს.
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ალექსანდრე კვახაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ.
მისივე თქმით, თავდამსხმელები კონკრეტულ თანხას ითხოვდნენ და უარის მიღების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. კვახაძემ აღნიშნა, რომ ფიზიკური დაზიანებები მას საკუთარ სახლთან მიაყენეს.