„მიხეილ სააკაშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის მთავარი მიზანია, წინასაარჩევნოდ სიტუაციის სრულ დესტაბილიზაციას ორგანიზება გაუწიონ", - ამ განცხადებას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აკეთებს:
„ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ ფონზე არის ის, რომ ხელი შეუწყონ სწორედ დესტაბილიზაციის განვითარებას. ამისთვის რაღაცა მიზეზი აუცილებლად დასჭირდებათ. „ნაციონალები" ჭკვიანები არიან და „ქართული ოცნების" ლიდერებისგან განსხვავებით, პოლიტიკაში კარგად ერკვევიან. მათ ისიც კარგად იციან, რომ თვითონ მომავალი რევოლუციური ტალღის ლოკომოტივად არ გამოდგებიან, რომელიც მათ სურთ მოიტანონ. ამიტომ ცდილობენ, წინა პლანზე წამოსწიონ ახალი სახეები. ხომ ხედავთ, მათი ხელშეწყობით უამრავი ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოიჩეკა, ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები ჩამოყალიბდა", - აცხადებს ბათიაშვილი.