საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მიესალმება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ მიზანს ემსახურება პრემიერის დღევანდელი შეხვედრა „აუდიტორია 115"-ის წევრებთან და დიალოგი სტუდენტთა ჯგუფებთან, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. მთავრობა პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
„განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმა, რომელიც უფრო მაღალ ჩართულობას გულისხმობს, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. პროცესის მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობა მასში ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართვისთვის მზად არის. დიალოგისა და ჩართულობის შედეგად, მისაღები კანონმდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება", - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრებს განაგრძობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რასაც საჯარო განხილვები მოჰყვება. პრემიერ-მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო განხილვების პროცესში პირადად ჩაერთოს.