გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო არის კარგი მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურს დღეს ტელეფონით დაუკავშირდა და წუხილი გამოთქვა, რომ დღის წესრიგის მოულოდნელი ცვლილების გამო, საქართველოში ვიზიტის გადადება მოუხდა.
„ბან კი მუნი მზად არის, მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვიოს საქართველოს, რათა პირადად გაეცნოს ქვეყნის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაერო-ს აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მზადყოფნა, ბან კი მუნს მისთვის სასურველ დროს უმასპინძლოს საქართველოში.
მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ შეხვედრა ასევე შედგება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.