logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: დღეს ზედოზირების შემთხვევაში, ექიმი არ არის ვალდებული, პოლიციას შეატყობინოს
- +

22 იანვარი. 2018. 13:00

 


2013 წელს ქვეყანაში დაიწყო დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება და წელს ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავენ.


„დღეს გვაქვს ჩვენი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც აერთიანებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აერთიანებს ამ თემაზე მუშაობისთვის ჩვენს ექსპერტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

 

იმედი მაქვს, ის სამუშაო, რაც ჩვენს ძველ წევრებს კარგად ახსოვთ, 2013 წელს დავიწყეთ დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება ჩვენს ქვეყანაში და წელს მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე. ეს პროცესი ყოველთვის იყო კომპლექსური.

 

ამ ფორმატში, რომელიც ჩემი აზრით შესანიშნავი სადისკუსიო სივრცეა ყველასთვის, გვქონდა აზრთა სხვადასხვაობები, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით, რაც თავის დროზე ზოგიერთს მიუღწევლადაც მიაჩნდა.

 

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს შესანიშნავი ინიციატივის წყალობით, დღეს ზედოზირების შემთხვევაში ექიმი აღარ არის ვალდებული, პოლიციას შეატყობინოს მომხდარის შესახებ. ასევე, ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს ერთ-ერთ მონაწილეს, ახლა უკვე პარლამენტიდან არჩილ თალაკვაძეს, რომ შევძელით ციხეების სისტემაში უფრო ჰუმანური გამხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან მიდგომები.

 

აღარაფერს ვიტყვი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე საკანონმდებლო რეფორმებზე. ეს იყო ის, რაც ჩვენ ამ საბჭოს ფარგლებში შევძელით და 2013 წლიდან ვაგრძელებდით დისკუსიას, როგორ უნდა გადაგვედგა ლიბერალიზაციისა და ჩვენი ნარკოპოლიტიკის გაადამიანურების მიზნით მომდევნო ნაბიჯები.

 

მინდა გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, რომ საშუალება მოგვცა ეს პროცესი უწყებათაშორის ამ ფორმატს დაუბრუნდეს. ძალიან მოხარული ვიქნები, თუკი იმ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც უკვე არსებობს, ჩვენს პარლამენტში არაერთი შეხვედრა გვქონდა და წინ რეალურად მართლა წავიწიეთ, შეგვიძლია ალბათ ვთქვათ, რომ დღეს გვაქვს შეხების არაერთი წერტილი, თუმცა დარჩენილი იქნება ალბათ არაერთი პოზიცია, რომელიც კიდევ უფრო უნდა შეჯერდეს.

 

მზად ვართ, გავააქტიუროთ ეს საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ოთხსვეტოვანი პოლიტიკა, ნარკოპოლიტიკა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად დაბალანსებული და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე ავსახოთ კანონმდებლობაში.

 

თუკი ამაზე თანხმობა იქნება, რომ წავიდეთ კიდევ უფრო შორსაც, რათა ვებრძოლოთ მათ, ვისაც სალაპარაკო ენაზე გამსაღებლებს ვეძახით, რომ ახალი წამახალისებელი ფაქტორები არ არსებობდეს და დავიცვათ ისინი, ვინც უკვე მომხმარებელია და რომელთაც ძალიან ბევრი სერვისი სჭირდებათ, რათა შეძლონ მკურნალობა. ეს არის ჩვენი მიდგომა, რომელიც ტრადიციულად იყო ამ საბჭოში გაზიარებული, უბრალოდ საჭიროა უფრო მეტი დისკუსია ყველასთან, რომ ქვეყანაში კონსენსუსზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკა მივიღოთ", - განაცხადა წულუკიანმა.

 

 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner