logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხშირად ცდილობენ, მოირგონ მოსამართლის მანტია
- +

22 იანვარი. 2018. 13:58

 


რას პასუხობს პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრალდებებს, სადაც აცხადებენ, რომ „პროკურორები პოლიტიკური პარტიის სპიკერებივით საუბრობენ"? რეალურად, რა მტკიცებულებების საფუძველზე გაასამართლეს მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე და რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებული საკუთარი ცოლისძმა ახალ დანაშაულზე კვლავ პატიმრობაში იმყოფება?


ამ და სხვა საკითხებზე „პრაიმტაიმი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურთან. ჩვენი მკითხველი ექსკლუზიურად შეიტყობს, რა ეტაპზეა „ციანიდის საქმეზე" ცალკე წარმოებად გამოყოფილი გამოძიება. პროკურატურა პირველად ადასტურებს, რომ გამოკვეთილია დეკანოზ გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველის ვინაობა, ციანიდის შეძენის სავარაუდო ადგილი და გარემოებები...


- პროკურორები პოლიტიკური პარტიის სპიკერებივით საუბრობენ, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში... რამდენად საფუძვლიანია ეს განცხადება და როგორ ფიქრობთ, რით დაიმსახურეთ ასეთი შეფასება?


- ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია მსგავსი განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, მით უმეტეს, რომ მათი განცხადებები გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით პროკურატურისა და პროკურორების მიმართ, კეთდება გაუაზრებელი და არაკომპეტენტური შეფასებები კონკრეტულ საქმეებზე, რასაც აქვს ერთი მიზანი - საზოგადოებას მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია და გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ პროკურატურის საქმიანობაზე. სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვები, გამოკვლეული იქნა ათასობით მტკიცებულება და დამტკიცდა კონკრეტული დანაშაული, რაც ჩაიდინა ყოფილმა პრეზიდენტმა, განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა სრულიად გაუაზრებელი  და შეგნებულად დამახინჯებული შეფასებები, რასაც ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი -  არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. ზოგადად, ადმინისტრაციაში ხშირად ცდილობენ, მოირგონ მოსამართლის მანტიები და არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური შეფასებებით კონკრეტულ საქმეებზე მიზანმიმართულად აწარმოებენ ნეგატიურ კამპანიას, თუმცა ამ ყველაფერს საზოგადოება ნათლად ხედავს და კარგად აფასებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რაც დაკავშირებულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, ეს ყოველივე კი მხოლოდ პროკურატურის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ჩვენ, პროკურორები, ჩვენს საქმიანობაში ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებლები და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ვხელმძღვანელობთ კანონით. ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს მკაცრად განსაზღვრული კომპეტენცია, ხოლო ჩვენს გადაწყვეტილებებს რევიზიას უკეთებს მხოლოდ სასამართლო. არც პოლიტიკოსებს და არცერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, რაიმე სახით ზეგავლენა მოახდინოს პროკურორის საქმიანობაზე - ეს დასჯადი ქმედებაა. სამწუხაროდ, იმ შინაარსის განცხადებები, რაზეც უკვე ვისაუბრე, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ სურვილი, ზემოქმედება მოახდინონ პროკურატურის საქმიანობაზე, მაგრამ გარწმუნებთ, ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

 

- პრეზიდენტი სამართლებრივად გაუმართავს უწოდებს გირგვლიანის საქმეზე მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას... მართლაც ჩნდება კითხვა, რა მტკიცებულებები ჰქონდა გამოძიებას სააკაშვილის წინააღმდეგ, როდესაც მას შეწყალების ექსკლუზიური უფლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად დაუკვალიფიცირეთ?


- მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეფასდა - დამნაშავეებთან საიდუმლო გარიგებაში შესვლა და დანაშაულის ორგანიზატორის დაფარვისთვის, შეწყალების წინასწარ დაპირება  და არა ცალკე აღებული შეწყალების აქტი. არის მცდელობა საზოგადოებას კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოუჩინონ, თითქოს შეწყალების  უფლების გამოყენებაზეა საუბარი მხოლოდ. სსკ-ის 332-ე მუხლი ითვალისწინებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რაც ნიშნავს, რომ გამოძიებას სადავოდ არ გაუხდია პრეზიდენტის შეწყალების უფლება, გამოძიებამ მხოლოდ უტყუარად დაადგინა, რომ შევიდა რა უკანონო გარიგებაში დამნაშავეებთან, მიხეილ სააკაშვილმა უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად - სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ. სწორედ კონსტიტუციური უფლების კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის გამოყენების შედეგია, რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ იქნენ მხილებულნი დანაშაულის ორგანიზატორი და ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო დანაშაულებრივ სქემაში. ამდენად მიხეილ სააკაშვილის ქმედებამ განაპირობა, რომ დაფარულიყო დანაშაულის ორგანიზატორის ვინაობა და საქმეზე არ განხორციელებულიყო ობიექტური მართლმსაჯულება.


რაც შეეხება საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. თავად ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირები, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ არა მხოლოდ მათი დაკავების თარიღი, არამედ სასჯელის ზომა და რაც მთავარია, წინასწარ იცოდნენ, რომ პრეზიდენტი მათ შეიწყალებდა. გამორკვეული იქნა წერილობითი და ელექტრონული ინფორმაცია.  სასამართლოში წარმოჩინდა დანაშაულის სრული სურათი - „შარდენ ბარში" განვითარებული მოვლენები, ალექსანდრე გირგვლიანის და ლევან ბუხაიძის  გატაცება, საზოგადოებაში არსებული განწყობა დანაშაულისადმი, რამაც იმჟამინდელი ხელისუფლება ფაქტობრივად აიძულა საქმეზე გარკვეული რეაგირების განხორციელება. წარდგენილმა მტკიცებულებებმა პირდაპირ დაადასტურა, რომ დანაშაულიდან მოკლე ვადაში მიხეილ სააკაშვილი სრულად იყო ინფორმირებული მომხდარი დანაშაულის დეტალების შესახებ და ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ორგანიზატორის ვინაობის დაფარვის სანაცვლოდ ჯერ კიდევ ამსრულებელთა  დაკავებამდე გასცა მათზე შეწყალების პირობა. სასამართლოში საქმე განხილულ იქნა არა მხოლოდ ცალკე აღებული დაპირებისა და შეწყალების განხორციელების ეპიზოდი, არამედ განხილულ იქნა სრულად ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ დანაშაულის ჩადენის მომენტიდან - ამ დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდადებულ პირთა გათავისუფლებამდე. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, რომელსაც უდიდესი მნიშვენლობა აქვს გირგვლიანის საქმეზე, ჩვენმა სასამართლომ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ამ დანაშაულში მონაწილე მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ბაჩანა ახალაიას, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმჟამინდელი უფროსის დავით ჩხიტუნიძის და სხვა არაერთი მოხელის მიმართ. ამდენად, განაჩენებითაც დადასტურდა საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, შესაბამისად, სასამართლოსთვის ნათელი გახდა „გირგვლიანის საქმეზე" სრული დანაშაულებრივი ჯაჭვი, დაწყებული შს სამინისტროს კუდ-ის რიგითი თანამშრომლებიდან (დანაშაულის ამსრულებლები), დამთავრებული ქვეყნის პირველი პირით - მიხეილ სააკაშვილით, რომელიც არათუ ინფორმირებული იყო  მომხდარზე, არამედ უშუალოდ იყო მონაწილე დანაშაულებრივი სქემისა, რაც საბოლოო ჯამში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი გახდა.

 

- არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული ეს საქმე ქმნის არაჯანსაღ პრეცედენტს და ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი, ამავე მოტივით შესაძლოა, დაექვემდებაროს სისხლის სამართლებრივ დევნას?


- რა თქმა უნდა, ნებისმიერი პრეზიდენტი შეიძლება დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფუნდამენტური პრინციპი კანონის წინაშე ყველას თანასწორობისა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა,  თუ წოდებრივი მდგომარეობისა. კანონიერი სასჯელის ერთ-ერთი მიზანია ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახლავთ ჯანსაღი პრეცედენტი დანაშაულის პრევენციისთვის, რათა სამომავლოდ მაღალი  თანამდებობის პირს, ეს იქნება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, შს მინისტრი თუ ქვეყნის პრეზიდენტი, აღარ გაუჩნდეს ცდუნება დამნაშავეებთან  დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლისა და საკუთარი უფლებამოსილების კანონსაწინააღმდეგო მიზნით გამოყენებისთვის.

 

- აქვე გკითხავთ - ადასტურებთ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალებული მისი ცოლისძმა, მიხეილ მგალობლიშვილი კვლავ დაკავებულია? კონკრეტულად რა ბრალი აქვს წარდგენილი?


- დიახ, გიდასტურებთ, რომ მიხეილ მგალობლიშვილი ამჟამად სარგებლობს მსჯავრდადებულის სტატუსით.  2017 წლის 24 აპრილის განაჩენით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

 

- რამდენად ელით, რომ უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემს? იყო თუ არა ამ თემაზე საუბარი მთავარი პროკურორის მოადგილის კიევში ვიზიტის დროს?


- საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს სრულყოფილი სახით მიაწოდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინასა და საქართველოს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე უკრაინის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საქმეზე.  რაც შეეხება  ვიზიტს - საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა და უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს შეხვდა, მხარეებმა, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

- შეწყალების საქმის გარდა, საქართველოს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზეც ასამართლებენ, რაც საზოგადოების ერთ ნაწილში საკმაოდ ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს... რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით წასვლა? სხვა დარღვევები ვერაფერი უპოვეთ სააკაშვილს?


- აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო აუდიტის სამსახურის დასკვნა. მაშინ, როდესაც აუდიტის სამსახურს ლაშა თორდია ხელმძღვანელობდა, აუდიტორებმა შეისწავლეს პრეზიდენტის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობა და დასკვნა ჩვენთან გადმოიგზავნა. საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები რომ გახდეს, მოდით, მე პირდაპირ ციტატას მოვიყვან ამ დასკვნიდან და ნათელი იქნება ყველასთვის, რას წერდნენ აუდიტორები მათ მიერ შესწავლილ საკითხზე - „2011-2012-2013 წლებში წარმოადგენენ საბიუჯეტო ასიგნებებიდან არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებს და მათი მოცულობა წლების მიხედვით შესაბამისად შეადგენს 3,421,128 ლარს, 3,290,663 ლარს და 528,854 ლარს (სულ სამივე წელს - 7,240,645 ლარს)". გამოძიების მიმდინარეობისას კი არამიზნობრივად გახარჯული თანხა დაზუსტდა და 9 მილიონ ლარს გადააჭარბა. შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვის საქმეს მხოლოდ საქმეში გაუთვითცნობიერებელმა პირმა შეიძლება უწოდოს ე.წ. „პიჯაკების საქმე" და დაიჯეროს, რომ ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ პიჯაკების შეძენისთვის ასამართლებენ. საუბარია წლების განმავლობაში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვაზე, ისე რომ თანხების ხარჯვაზე ვერავინ ახორციელებდა კონტროლს. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის თებერვალში, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა ცნობილი მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი", რომლის არაორდინარული მასაჟის ამსახველი ვიდეომასალაც youtube-ზე ფართოდ გავრცელებულია. დოქტორ დოტის მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეომასალა, ასევე, განთავსდა ინტერნეტსივრცეში, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტისა და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების დიდი უკმაყოფილება და მკვეთრად უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. სამომავლოდ  ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, პირადი მიზნებისთვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე. უფრო კონკრეტულად კი, მიხეილ სააკაშვილის გრიფით „საიდუმლო" განკარგულებებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონოდ დაევალა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების  დაფინანსება. 2009 წლიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და მასთან დაახლოებული პირებისთვის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაიხარჯა 9 მილიონ ლარზე მეტი თანხა, მათ შორის მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 700 ათას ლარამდე, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 200 ათას ლარზე მეტი, ასევე, მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტს დაუჯდა 300 ათას ლარამდე; ასევე, მხოლოდ 2 დღეში, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძისა და ლევან ვარშალომიძის დასვენებისა და გართობის ხარჯებმა 100 ათას ლარს გადააჭარბა.


ხსენებული 9 მილიონი ლარიდან შეძენილია ისეთი ნივთებიც, როგორიცაა, ლონდონში მკერდით მხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატი 16 ათას ლარად; ისეთ საჩუქრებსა და სუვენირებში, როგორიცაა საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები, გულსაკიდები, ძეწკვები და მობილური ტელეფონები, რომლებსაც სააკაშვილი პირადად გადასცემდა ქალბატონებს, გაფლანგულმა თანხამ 240 ათას ლარს გადააჭარბა.


როდესაც საუბარია 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის უკონტროლოდ, ფარულად და საკუთარი შეხედულებისამებრ, წლების განმავლობაში არამიზნობრივ ხარჯვაზე, აპელირება იმაზე, რომ მხოლოდ პიჯაკები დაუთვალა სახელმწიფომ ყოფილ პრეზიდენტს, უხერხულია. ბრალდებულის დამცველმა ადვოკატებმა ძალიან კარგად იციან, რომ 9 მილიონის გაფლანგვის ფაქტი, პროკურორის სუბიექტური შეფასება კი არ არის, ამას ადასტურებს საქმეზე შეკრებილი 30 ტომზე მეტი მტკიცებულება და ორი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათლად წერია, რომ მ. სააკაშვილმა 9 მილიონზე მეტი ბიუჯეტის კუთვნილი თანხა არამიზნობრივად გაფლანგა. ეს იმ პირობებში, როდესაც მის მივლინებებზე და ყველა საჭირო წარმომადგენლობით ხარჯზე, სახელმწიფო ისედაც ხარჯავდა წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტს.

 

- აქვე მინდა გკითხოთ ციანიდის გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ამჟამად სააპელაციო სასამართლოში განიხილება... ერთი წლის შემდეგ მაინც თუ არის დადგენილი ამ საქმის ახალი გარემოებები, მაგალითად ის, ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა მომწამლავი ნივთიერება?


- ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებები, რომ მკვლელობის მიზნით შეიძინა მსჯავრდადებულმა ძლიერმოქმედი შხამი და დადგინდა, ვისი მკვლელობაც იგეგმებოდა, სწორედ დასახელებულ ფაქტებს ჰქონდა არსებითი ხასიათი, რის საფუძველზეც ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ეფექტური გამოძიების შედეგად, შევძელით და დანაშაული აღვკვეთეთ დროულად, ვიდრე გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას განახორციელებდა. ეს ყველაფერი სათქმელად ადვილია, თუმცა გარწმუნებთ უდიდესი შრომა დაიხარჯა ამ შედეგის მისაღწევად. მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებებისა, ადვოკატების მიერ მოგონილი „კონსპირაციული თეორიები, ოქრომჭედელზე და თითქოს მოწყობილ პროვოკაციაზე", რასაც, სამწუხაროდ, ზღვარგადასულ პროპაგანდას უწევდა ზოგიერთი მედიასაშუალება, ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ბოროტმოქმედი მამალაძე მსხვერპლად წარმოეჩინათ საზოგადოების თვალში. აღნიშნული მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და გარწმუნებთ, ეს არ გამოუვათ არც აპელაციაში.


ჩვენი მხრიდან მრავალჯერ პასუხგაცემული შეკითხვა - „ერთი წლის შემდეგ მაინც, თუ არის დადგენილი, ვისგან შეიძინა მამალაძემ ციანიდი", რასაც  მანტრასავით იმეორებენ თავად ადვოკატები,  არარელევანტურია იმაზე სამსჯელოდ, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა მამალაძემ მკვლელობის მომზადება. ათეულობით საქმე არსებობს სამართალწარმოების პრაქტიკაში, სადაც ვერ დგინდება დანაშაულის იარაღის წარმომავლობა, თუმცა ეს არ გამორიცხავს დანაშაულის ფაქტს, როდესაც სხვა მტკიცებულებები სახეზეა. შესაბამისად, პრაქტიკაში რთულია წარმომავლობის დადგენა, თუ ბრალდებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. გამოძიებით და სასამართლოს განაჩენით, ასევე, არ არის დადგენილი, როდის, სად, ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა გიორგი მამალაძემ ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა მსჯავრდადებული აღიარებს იარაღის უკანონოდ შენახვას და  ამ ეპიზოდში არც ადვოკატები ავითარებენ „კონსპირაციის თეორიებს". ეს ყველაფერი ცალსახად მიუთითებს მსჯავრდადებული მამალაძის თვალთმაქცობასა და ფარისევლობაზე.

 

- რა ეტაპზეა ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმე, თუ ეს მხოლოდ ფორმალობაა? ჰყავს თუ არა გამოძიებას ამ მიმართულებით სავარაუდო ეჭვმიტანილთა წრე?


- გამოძიების შედეგად გამოკვეთილი არის კონკრეტული პირი, რომელთანაც გიორგი მამალაძე სწორედ გერმანიაში გამგზავრების წინ აწარმოებდა აქტიურად მოლაპარაკებას - 2 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ რაღაცის შესაძენად, რასაც საუბარში არ აკონკრეტებს. ამ პირმა იცრუა დაკითხვისას და განაცხადა, რომ მამალაძე თანხას თითქოს ბანკის სესხის დასაფარად აძლევდა. ამასთანავე, დავადგინეთ, რომ ეს პირი მამალაძის გერმანიაში გამგზავრების წინა დღეებში იმყოფებოდა დმანისში, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც იცრუა, რომ დმანისში არასდროს იყო ნამყოფი. ეს გარემოება არ იქნებოდა საეჭვო, რომ არა ერთი დეტალი - დმანისი არის რეგიონი, სადაც საქმიანობს ერთადერთი კომპანია საქართველოში - „არ ემ ჯი გოლდი", რომელიც საქმიანობაში იყენებს ნატრიუმის ციანიდს, ვინაიდან ამ ეტაპზე გამსაღებლის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება არის საჭირო, საქმეზე ამ ეტაპზეც გრძელდება გამოძიება.

 

-  რა ეტაპზეა უკრაინაში მეგის ქარდავას საქმე? თუ გაქვთ გარანტია, რომ ის ქართულ მხარეს გადმოეცემა?


- საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაუგზავნა მეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტაცია. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე უკვე უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ძებნილის ქართული მხარისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს მთავარ პროკურატურას აქვს მოლოდინი, რომ მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი დადებითად გადაწყდება.



ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner