logo_geo
eng_logo
რა მესიჯი გაუგზავნეს ტრამპს და რატომ ეცემა ოპოზიციის რეიტინგი - NDI-ს კვლევების მთავარი ინტრიგა
- +

22 იანვარი. 2018. 14:34



NDI-ს კვლევები ყოველთვის იწვევდა ხმაურს, განსაკუთრებით არჩევნების დღეს. სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ, თუკი რამეზე დავობენ, ეს პოლიტიკური გემოვნებაა.


თუმცა, წელს ასევე პირველად გამოკითხვაში მოხვდა უცნაური შედარება:


NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ, ხოლო 36%-ის აზრით, აშშ რუსეთზე ძლიერია. გამოკითხულთა 15% თვლის, რომ აღნიშნული ქვეყნები სამხედრო თვალსაზრისით თანაბარი სიძლიერისაა.


და ეს მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებს ათჯერ უფრო მეტი დაფინანსება აქვთ, რუსეთი კი ამერიკისა და ჩინეთის შემდეგ, დაფინანსების მიხედვით, მხოლოდ მესამეა. ამერიკას უფრო განვითარებული ტექნოლოგიები აქვს და მისი ჯარისკაცები გაცილებით მომზადებულები არიან.


NDI-ს დირექტორმა ამ კითხვას სიახლე უწოდა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა მიზნით ჩასვეს ამერიკული და სამხედრო ჯარების შედარება კვლევაში.


„პრაიმტაიმი" ამ და კვლევის სხვა მონაცემებით დაინტერესდა და სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას ესაუბრა:


- ბატონო ზურაბ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ მოხვდა ამერიკისა და რუსეთის სამხედრო ძალების შედარების შესახებ საკითხი კვლევაში. შედეგი ჩემთვის გასაგებია. მაინტერესებს, თქვენი აზრით, რატომ დაინტერესდა NDI ამ საკითხით ახლა?


- გამიძნელდება იმის თქმა, რატომ, რა მიზნით დაისვა ეს შეკითხვა. ჩემთვის შედეგებიც არ არის ბოლომდე გასაგები. ალბათ, ჩვენს საზოგადოებაში ბევრია ისეთი, ვისაც ასეთი წარმოდგენა აქვს, თუნდაც საბჭოთა ჯარიდან გამომდინარე. შესაძლოა, ეს რუსული პროპაგანდის დამსახურებაც იყოს.


- თუმცა, მეორე მხრივ, საქართველო ოკუპირებულია, სირიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ყირიმი დაიპყრო რუსეთმა... მოსახლეობას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პუტინს ყველაფერი შეუძლია...

 

- მესმის, ბევრი ფაქტორი მოქმედებს. თუმცა, ამ კითხვის დასმის ლოგიკა არ მესმის. როცა კვლევას ატარებენ, მიზანდასახულად ეკითხებიან. რა იყო ამ კითხვის დასმის მიზანი, გაუგებარია.


- ერთ-ერთი ვერსიით, NDI-ს სურდა, ტრამპისთვის დაენახვებინა, რომ ამერიკა მისი საგარეო პოლიტიკის წყალობით პოზიციებს კარგავს...


- არაფერი არ არის გამორიცხული, თუმცა, ამის დაშვება ნიშნავს რაღაც შეთქმულების თეორიის გაზიარებას...


- ბატონო ზურაბ, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს. ალბათ, თქვენთვის არ უნდა ყოფილიყო შედეგები გასაკვირი, ოპოზიციის დაბალ მაჩვენებელს ვგულისხმობ.


- არაფერი არ არის გასაკვირი, რა თქმა უნდა. ახლა შედეგებს ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს.


მმართველი პარტიის მონაცემებით დავიწყებ. ნორმალური შედეგი აქვს. ეს არის დაახლოებით სამჯერ მეტი, ვიდრე მეორე ადგილას მყოფ ოპოზიციას აქვს. ოპოზიციის შედეგი კი კლებისკენ არის მიმართული. ზოგადად, პარტიების მიმართ ნდობა დაწეულია და არც ეს არის გასაკვირი. ნიჰილიზმი პოლიტპარტიების მიმართ მხოლოდ ჩვენი სპეციფიკა არ არის, ეს მოვლენა კანონზომიერია. მით უფრო არჩევნების შემდეგ პერიოდში.


- მოზრდილი ნაწილისთვის არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის მისაღები. როგორც წესი, გარკვეული პოლიტიკური ფიგურები ამას კითხულობენ, როგორც ახალი პარტიის შექმნის ხელსაყრელ პირობას. თუმცა, რამდენად ცდებიან ისინი? ხომ არ ფიქროთ, რომ მოსახლეობა შესაძლოა, ოპოზიციის 90-იანი წლების მსგავსი მართვისა და მოქმედების სტილს უფრო დაეღალა და მათ ცვლილებები უნდა შეიტანონ როგორც პარტიაში, ისე საკუთარ ქმედებებში?


- როგორც გითხარით, ნიჰილიზმი, ზოგადად, პარტიების მიმართ ძალიან დამახასიათებელია და ეს ჩვენი, ქართული ფენომენი არ არის. ეს რას ნიშნავს პრაქტიკულად? პირველი: ახალი პარტიებისთვის არის ასპარეზი, თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ახალი პარტიის ჩამოყალიბება, ახალი პარტიისთვის ნდობის მოპოვება ნაკლებად სავარაუდოა. იმიტომ რომ პოლიტიკაში პოლიტიკური ძალა, როგორც კი ჩამოყალიბდება, თუ სწორ ნაბიჯებს დგამს, შეიძლება რაღაც ნდობა მოიპოვოს, თუმცა, განვითარებას შედეგ ეტაპზე შეიძლება ეს ნდობა ძალიან მარტივად დაკარგოს. გვახსოვს, მაგალითად, პაატა ბურჭულაძე.  უცებ აკრიფა რეიტინგი, მაგრამ წამიერად დაიშალა და გაქრა ეს რეიტინგი. ეს ნებისმიერი ახალი პარტიისთვის იქნება დამახასიათებელი, თუკი ის სტაბილურად და მყარად არ შეინარჩუნებს დროში პოლიტიკური ძალისთვის საჭირო მიმზიდველობას. იმის ალბათობა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნება, ნაკლებად სავარაუდოა.


 - ხალხი, ალბათ, ელოდება, რომ პარტიები რამეს შეცვლიან...


- სხვათა შორის, რეფორმები იმდენად მრავალმხრივია და დროში დიდ პერსპექტივაზეა გაწერილი, რომ მისი შედეგები ცოტა ხანში გამოჩნდება. ცვლილებებისა და რეფორმების შედეგები ახლა უკვე ძალიან სწრაფად იქნება შესაგრძნობი. დაწყებული რეფორმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარმატებული შედეგის მიღწევის შანსი უფრო მეტად აქვს ამ ხელისუფლებას. ძალიან სერიოზულად დაიწყო ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულება.


- ფიქრობთ, რომ კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ მოსახლეობას აქვს განცდა, რომ საქმეს მმართველი პარტია აკეთებს?


- დიახ, ეს განცდა აქვს. რა თქმა უნდა, მოსახლეობას მუდმივად აქვს მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ყველაზე სტაბილურ და საიმედო ძალას, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში, სწორედ ხელისუფლებაში ხედავენ.


- ამ ნდობის დიდი ნაწილი მაინც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება თუ გუნდში სხვადასხვა ლიდერებიც არიან, რომლებთანაც ეს ნდობაა მიბმული?

 

- ბიძინა ივანიშვილის მიმართ დამოკიდებულება და მის მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების სტაბილურობის უსერიოზულესი გარანტია. დღესდღეობით ხელისუფლებაში არიან ლიდერები - აქტიური პოლიტიკური ლიდერები და მათ საკმაოდ სერიოზული რეიტინგი და ნდობა აქვთ. ბევრი რამ, რაც კეთდება, არ აჟიტირდება და არ პრეზენტირდება, მაგრამ ხალხი ცვლილებებს ხედავს და ეს მოსახლეობის დამოკიდებულებაზე აისახება კიდეც.


- ეს NDI-ს პირველი კვლევაა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წელს გამოქვეყნდა. ოპოზიცია, დაბალი მაჩვენებლის გამო, თქვენი აზრით, რა დასკვნას გააკეთებს? შეიძლება გაერთიანებაზე იფიქროს?


- საპრეზიდენტო არჩევნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ქვეყნისთვის, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი და საპრეზიდენტო არჩევნები სიმძაფრეს კარგავს.

 

- თუმცა, ბოლოჯერ ირჩევენ პრეზიდენტს პირდაპირი წესით...


- კი, ამით ის მნიშვნელობას თითქოს იძენს, თუმცა, პრეზიდენტის როლი ქვეყანაში პასიური და სიმბოლურია...


- უნდა ველოდოთ ოპოზიციის გაერთიანებას?


- შანსი ძალიან მცირეა. ოპოზიცია ვერ გაერთიანდა და არ გაერთიანდა საპარლამენტო არჩევნების დროს, ვერ გაერთიანდა და არ გაერთიანდა ადგილობრივი არჩევნების დროს. შანსი, რომ ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ, ძალიან მცირეა. ერთიანი კანდიდატურა რომც წარმოადგინონ, მას მაინც არ ექნება იმაზე მეტი რეიტინგი, რაც აქვს დღეს NDI-ს კვლევაში ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიებს.


- სამაგიეროდ, უპირატესობა კვლევებში მმართველ პარტიას აქვს. ეს რაზე მიანიშნებს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას" ისევ აქვს ფუფუნება, ნებისმიერი კანდიდატი დაასახელოს საპრეზიდენტო არჩევნებზე და გაიმარჯვოს? თუ რეიტინგულ ან პოპულარულ კანდიდატს მოძებნის?


- ამბობენ, მმართველ პარტიას არ ჰყავს კანდიდატი, რომელსაც წარადგენსო. როგორ არ ჰყავს?! მმართველი ძალის ყველა იმ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს რეიტინგი, შეუძლია გამარჯვება მოიპოვოს. ერთხელ ჟურნალისტთან საუბარში ვთქვი, კვირიკაშვილს კონკურენტი არ ჰყავს-მეთქი. მე მისი მაღალი რეიტინგი ვიგულისხმე. კვირიკაშვილი წარმატებული მთავრობის ხელმძღვანელი და რეფორმების ავტორია. მას მიჰყავს ქვეყანა წინ და ატარებს წარმატებულ რეფორმებს. რატომ უნდა გადაინაცვლოს სიმბოლურ პოზიციაზე? მმართველ გუნდში  არიან პერსპექტიული ადამიანები და ვისაც გუნდი დაუჭერს მხარს, არ გაუჭირდება მისი გაყვანა, მე ასე ვფიქრობ.

 

- მმართველი პარტიის დამოკიდებულებას NDI-ს კვლევის მიმართ როგორ აფასებთ? ახლაც ისე ისაუბრეს, თითქოს გარკვეული კითხვის ნიშნები და უნდობლობა ჰქონდათ...


 - საუბრის დასაწყისში ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ კვლევაში რაღაცა კითხვები გაუგებარი მიზნით არის შეტანილი. თითქოს ლოგიკას მოკლებული კითხვებია ხოლმე დასმული. მე მაგალითად, კვლევას რომ ვატარებდე, სხვა კითხვებს დავსვამდი, რომელიც ქვეყნის განვითარებასა და მის პერსპექტივასთან იქნებოდა დაკავშირებული.



ავტორი: ქეთი ხატიაშვილი












 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner