logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებები გამოირჩევა აგრესიით პროკურატურისა და პროკურორების მიმართ
- +

22 იანვარი. 2018. 14:35



„პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებები გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით პროკურატურისა და პროკურორების მიმართ, კეთდება გაუაზრებელი და არაკომპეტენტური შეფასებები კონკრეტულ საქმეებზე, რასაც აქვს ერთი მიზანი - საზოგადოებას მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია და გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ პროკურატურის საქმიანობაზე", - ასე გამოეხმაურა პროკურორი ჯარჯი წიკლაური  გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პროკურორები პოლიტიკური პარტიების სპიკერებივით საუბრობენ.


პროკურორის თქმით, ადმინისტრაციაში ხშირად ცდილობენ, მოირგონ მოსამართლის მანტიები და არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური შეფასებებით კონკრეტულ საქმეებზე მიზანმიმართულად აწარმოებენ ნეგატიურ კამპანიას.


„ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია მსგავსი განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, მით უმეტეს, რომ მათი განცხადებები გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით პროკურატურისა და პროკურორების მიმართ, კეთდება გაუაზრებელი და არაკომპეტენტური შეფასებები კონკრეტულ საქმეებზე, რასაც აქვს ერთი მიზანი - საზოგადოებას მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია და გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ პროკურატურის საქმიანობაზე. სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვები, გამოკვლეული იქნა ათასობით მტკიცებულება და დამტკიცდა კონკრეტული დანაშაული, რაც ჩაიდინა ყოფილმა პრეზიდენტმა, განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა სრულიად გაუაზრებელი  და შეგნებულად დამახინჯებული შეფასებები, რასაც ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი -  არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. ზოგადად, ადმინისტრაციაში ხშირად ცდილობენ, მოირგონ მოსამართლის მანტიები და არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური შეფასებებით კონკრეტულ საქმეებზე მიზანმიმართულად აწარმოებენ ნეგატიურ კამპანიას, თუმცა ამ ყველაფერს საზოგადოება ნათლად ხედავს და კარგად აფასებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რაც დაკავშირებულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, ეს ყოველივე კი მხოლოდ პროკურატურის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ჩვენ, პროკურორები, ჩვენს საქმიანობაში ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებლები და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ვხელმძღვანელობთ კანონით. ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს მკაცრად განსაზღვრული კომპეტენცია, ხოლო ჩვენს გადაწყვეტილებებს რევიზიას უკეთებს მხოლოდ სასამართლო. არც პოლიტიკოსებს და არცერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, რაიმე სახით ზეგავლენა მოახდინოს პროკურორის საქმიანობაზე - ეს დასჯადი ქმედებაა. სამწუხაროდ, იმ შინაარსის განცხადებები, რაზეც უკვე ვისაუბრე, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ სურვილი, ზემოქმედება მოახდინონ პროკურატურის საქმიანობაზე, მაგრამ გარწმუნებთ, ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner