ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„SOS! SOS! SOS!
მივმართავ ყველას - დედებს, მამებს, ჩინიანებს და უჩინოებს, ექიმებს, კანონმდებლებს, ტელევიზიებს და საინფორმაციო საშუალებებს!!!
ბოლო ერთი თვეა, ყოველდღე სასწაულების მსმენელი და მნახველი ვარ, დააკვირდით, ქუჩებში როგორი დაბოლილ-გამოშტერებული სიფათები დაბორიალობენ, ნახეთ, რა ხდება კლუბებში და ბარებში, იმ დღეს 15 წლის გოგოს კრიჭა შეეკრა და მოსაწევი იმსხვერპლებდა, „გამოცდილ" ადამიანებს დახმარება რომ არ გაეწიათ, გადაამოწმეთ, სასწრაფო დახმარება რამდენ გამოძახებაზე გადის მოსაწევით „დაშოკილთა" დასახმარებლად... ნახეთ, რამდენი ახალგაზრდა აკითხავს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს სუიციდის მტანჯველი განცდებისგან თავის დასაღწევად...
გუშინ სულ გადავირიე, ჩემი ახლობლის უახლოეს და უსაყვარლეს 20 წლის გოგოს (გო-გოს) ვკითხე - სიგარეტს ხომ არ ეწევი-მეთქი და წათამამებულად მიპასუხა - სიგარეტს არა, მაგრამ კარგ მოსაწევს კიო... და რა არის ეს, რა გვჭირს, ვინ შეგვაგუა იმას, რომ ეს უბრალო გართობაა და სხვა არაფერი... ხმა ამოიღონ რეპროდუქტოლოგებმა, ფსიქიატრებმა, ფსიქოლოგებმა, თქვან, რომ ეს უბედურებაა და ამით გადაშენება იწყება, რომ თუ ასე გაგრძელდა, ამის შედეგი ძალიან მალე დადგება და ავადმყოფ თაობას მივიღებთ, ეს აშკარად ვიღაცის მზაკვრული გეგმაა და ვერ გაგვიგია... კარგ მოსაწევს მოვწევ, ეს უკვე კარგ ტონად და „სვეცკობად" ითვლება, ასე „სვეცკობად" ითვლება ეკლესიის ლანძღვა და რწმენაზე ქირქილიც, ამიტომაც შემცირდა ეკლესიებში ახალგაზრდების რიცხვი! დიახ, შემაშფოთებელია ბოლო წლების სტატისტიკა - სიკვდილიანობა ბევრად უსწრებს შობადობასო!!!
სასწრაფოდ, რამე უნდა მოვიფიქროთ, სასწრაფოდ, გადავარჩინოთ ჩვენი შვილების თაობა ამ „დაკანონებული" გამოშტერებისა და გადაშენებისგან!!!
P.S. ამ გაზაფხულს ბიჭები და გოგოები განსაკუთრებული ხალისის ელოდებიან - პლანის დათესვას აპირებენ და კარგ მოსავალზე ოცნებობენ..." - წერს კვაჭანტირაძე.