5-გზის მსოფლიო ჩემპიონის, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება, - ამის შესახებ „აიპრესთან" საუბრისას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა განაცხადა.
ელგუჯა ბერიშვილმა აღნიშნა, რომ ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო საიუბილეო საღამო რუსთაველის თეატრში გაიმართება.
ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი 3 მაისს 75 წლისა ხდება. ის გახლავთ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი, ამჟამად კი - საპატიო პრეზიდენტი.
„ამ თარიღთან დაკავშირებით მზადდება დოკუმენტური ფილმი, ფოტოალბომი, ჭადრაკის სასახლის შესასვლელთან გაიხსნება ნონას ვარსკვლავი, საზეიმო საიუბილეო საღამო კი რუსთაველის თეატრში გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, ხელისუფლების, სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჭადრაკის ქომაგები. არაერთ მაღალი რანგის სტუმარს ველოდებით უცხოეთიდანაც", - განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა.