logo_geo
eng_logo
ჩუღურეთის რაიონში კულტურული ღონისძიება „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ გაიმართა
- +

23 აპრილი. 2016. 19:15



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის რიმა ბერაძის, ფრაქციასთან არსებული ეთნიკურ უმცეროსაბათა საბჭოს, ასევე საქართველოში უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე" გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, აგრეთვე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ, ქართველი და უკრაინელი მხატვრების მიერ კედლების მოხატვით დაიწყო.

ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებმა საქართველოში მოქმედი უკრაინულ-ქართული ბიზნეს სექტორის საქმიანობის ამსახველი გამოფენა დაათვალიერეს.

კულტურულ ღონისძიებაზე, სადაც ასევე, უკრაინული ღვინის დეგუსტაცია და უკრაინული სამზარეულოს გაცნობითი ტურიც მოეწყო, დედაქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები თბილისელებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიესალმნენ და დღევანდელი დღე მიულოცეს.

ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ორი ერის მეგობრობისა და ეფექტიანი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„იმედს გამოვთქვამ, რომ სულ მალე, ჩვენს დედაქალაქთან დაძმობილებული ქალაქების თბილისში არსებული დიასპორები, მათი ქალაქის სახელობის ქუჩის გამწვანება-გალამაზებაში მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

თეატრალიზირებული სანახაობა, მუსიკალურად ქართული და უკრაინული სიმღერებითა და ცეკვებით, ჩუღურეთის რაიონის საჯარო დაწესებულებების აღსაზრდელებმა გააფორმეს.

ფესტივალი სიმბოლურად, წაბლის ხეების დარგვით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა, ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან ერთად, თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კულტურულ ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, უკრაინის საელჩოსა და საქართველოში უკრაინის დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner