logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ლევილის ქართული მამული მოინახულეს
- +

23 აპრილი. 2016. 19:16



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართულ მამულს ეწვივნენ და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს შეხვდნენ.


საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ლევილში, ნოე ჟორდანიას და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.


საქართველოს პრეზიდენტმა ლევილის ყოფილი მერი დანიელ ელპრენი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა საფრანგეთის რესპუბლიკაში 2001-2014 წლებში ლევილის მამულის შენახვის, ქართული დიასპორის წარმომადგენლების უფლებების დაცვისა და ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული ქართველების საფლავების მოვლა-პატრონობაში გაწეული წვლილისათვის.


„ამ კედლებში ქართველები ფიქრობდნენ საქართველოზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამას ფრანგ თანამემამულეებთან ერთად აკეთებდნენ. არაერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როცა ქართველი ერისათვის ურთულეს წუთებში, ფრანგი ერი ჩვენს გვერდით იდგა.

 

ქართველი და ფრანგი ერის მეგობრობის სიმბოლოდ და მადლიერების ნიშნად მინდა ლევილის ყოფილ მერს დანიელ ელპრენს ოქროს საწმისის ორდენი გადავცე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ლევილის განახლებული ბიბლიოთეკა მოინახულა.


საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი,  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.


საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner