logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურიზმში ინოვაციური იდეების გენერირებას
- +

23 იანვარი. 2018. 17:44



„მასპინძლობის ინდუსტრიის ინოვაციების ფორუმის საქართველოში ჩატარება მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყნის შიგნით გავმართოთ მსგავსი კონკურსი და ხელი შევიწყოთ ახალი იდეების გენერირებას", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დანიურ ორგანიზაციასთან „The Creative Business Cup Foundation"-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, რომელიც საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმის გამართვას ითვალისწინებს.


მომერანდუმს ხელი ასევე მოაწერეს „The Creative Business Cup Foundation"-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რასმუს თშერინგმა და „Creative Business Cup Georgia"-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა სულმა. ღონისძიება საქართველოს ტექნოპარკში გაიმართა და მას ქართველი სტუდენტები და სტარტაპერები დაესწრნენ.


დანიური ორგანიზაცია ინოვაციების კონკურსსა და ინვესტორთა ფორუმს 2012 წლიდან ახორციელებს. თავდაპირველად ღონისძიებაში 17 ქვეყანა მონაწილეობდა, დღეს მათი რიცხვი 60-ს აჭარბებს.


„The Creative Business Cup Foundation" ინოვაციურ იდეებს მსოფლიოს მასშტაბით აგროვებს და მათი გადარჩევისა და შესწავლის შემდეგ, გამარჯვებულს გამოავლენს, რასაც შემდგომში მნიშვნელოვანი კომერციალიზაცია მოყვება. „დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ინოვაციური იდეების გადარჩევა მსოფლიოს მასშტაბით და შემდგომში უკვე ფინალის ჩატარება მოხდება საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით. მით უფრო, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ზოგადად ტურიზმის მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას მისცემს ეს ჩვენს ქვეყანას? პირველ რიგში, მისცემს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდება იმ ყველაზე საინტერესო იდეების და ინოვაციური იდეების განხილვა, რომელიც სტუმარმასპინძლობის ბიზნესში დაგენერირდება მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, რაც რა თქმა უნდა, იქნება უფრო მეტი ეფექტიანობისა და მიმზიდველობის მატარებელი ამ მიმართულებით, ვიდრე ჩვეულებრივი მომსახურება.


მეორე მხრივ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის შიგნით უკვე გავმართოთ კონკურსები და რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ ახალი იდეების გენერაციას. ჯამურად ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას მისცემს უფრო დახვეწილ, უფრო უკეთეს მომსახურებებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ტურისტებს შევთავაზოთ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner