ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ცოტა დიდი გამოვიდა, მარა არაუშავს:
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიფიქრე, მაინც არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ საზოგადოების შეფასებებმა, იმ ხალხის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა, რომელთაც დიდ პატივს ვცემ, გადამაწყვეტინა, რომ დავწერო.
როდესაც ადამიანი რაიმე დანაშაულს სჩადის უნდა იცოდეს და გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება, მისთვის და მისი ახლობლებისთვის რაც არ უნდა უწყინარი იყოს, მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე (არა აქვს მნიშვნელობა სისხლის სამართლის, თუ მორალური).
ერთი მეგობარი მყავდა, კანონიერი ქურდი (უფალმა გაანათლოს მისი სული), ხანდახან ამბობდა: ჩემი საქმე მეიპარე - გეიპარეა. თუ დამიჭირეს, ეს ჩემი პრობლემა და იმათი საქმეაო (იმედი მაქვს „მენტალიტეტს" დ.ა.შ. რაღაცეებს არ დამაბრალებენ).
რა თქმა უნდა, პოლიციაში ბევრი რამ არ არის რიგზე და ამაზეც არ დამიკლია არაფერი. მუდამ ვიძახი, რომ რეფორმა მხოლოდ ფორმის, ავტომობილების და კომპიუტერების შეცვლა არ არის, მაგრამ რეფორმა არც ის არის, რომ ვიღაც ტელევიზორში ჩანდა, ამიტომ დიდი რაოდენობის ნარკოტიკის გამო, პასუხისმგებლობის გარეშე დარჩეს.
ეს მენტალური პრობლემაა. ცხადია, რომ ერთი ადამიანის ციხეში ჩასმა, თან ისეთის, რომელიც რეალურად არაფრის გამკეთებელი არ არის და ვიღაცეების გავლენის ქვეშ იმყოფება (ვერავინ დამაჯერებს, რომ „ბახალა" ესკობარია. მას სავარაუდოდ ვიღაც იყენებდა მისი ცნობადობის გამო. გაიხსენეთ მისი სიტყვები - მაშინვე მივხვდი, რომ გავიწირე!).
არ შეიძლება სასამართლოს ფანჯრების ჩალეწვა (ვინმემ მათი სახლის ფანჯრებს ქვა რომ ესროლოს, და მათ მისი დაჭერა მოახერხონ, რას უზამენ? ადმინისტრაციულად დააჯარიმებენ, თუ სულ ცოტა თავ-ყბას გაუხევენ?).
არ შეიძლება ბულინგი ე.წ. ფეის-კონტროლის საფუძველზე იმ „დაწესებულებაში", რომელში მთელმა თბილისმა იცის, რომ უამრავი უკანონო ქმედება ხდება (აი ძალიან კორექტული ვარ). შეიძლება დაიბადოს შეკითხვაც, რომელიც რატომღაც არავის არ უჩნდება (მე ერთხელ დავწერე, მაგრამ არანაირი შედეგი. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორე) - რას აკეთებდა რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე ღამის კლუბში? („ვერსიებს" არ ჩამოვთვლი).
არ შეიძლება. ბევრი რამე არ შეიძლება. იმ „წყეული" კომუნისტების დროს, იყო კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონებიდან თუნდაც ერთი კაპიკის მოპარვა 10-ჯერ უფრო მკაცრად ისჯებოდა, ვიდრე ვინმე ბარიგისთვის მილიონის მოპარვა.
არ შეიძლება სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, რადგანაც სახელმწიფო ეს პარლამენტი ან მთავრობა კი არ არის, სახელმწიფო ეს მე, შენ, თქვენ, ჩვენი მშობლები და შვილები ვართ!
ჩვენს წინააღმდეგ წასვლას კი არავის არ ვურჩევ", - წერს გაბრიჭიძე.