logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გაგუა: დაგროვებით საპენსიო სისტემას დიდი სოციალური დატვირთვა და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს
- +

24 იანვარი. 2018. 09:15


 

„ძალიან დიდია დაგროვებითი საპენსიო სისტემის როგორც სოციალური დატვირთვა, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. გაგუას თქმით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის მაგალითი გაანალიზდა.


„რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ საკითხზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. პროცესში ჩართული იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და მაღალი დონის ექსპერტები. ერთ-ერთი ექსპერტი, რომელიც პროცესში მონაწილეობდა და, რომელმაც საბოლოო კანონპროექტის გადამუშავება მოახდინა, ახლახან გაერო-ს საპენსიო ფონდის დირექტორად დაინიშნა.

 

ჩვენი საპენსიო სისტემა რამდენიმე ქვეყნის მაგალითს ეყრდნობა. ყველაზე საინტერესო ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და შვედეთის მოდელი იყო. რაღაც საკითხები ბრიტანეთის საპენსიო სისტემიდანაც გადმოვიღეთ. ეს რეფორმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ განვითარების იმ ეტაპზე განახორციელა, რომელზეც ამჟამად საქართველოა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.


შეკითხვაზე, პენსიაზე გასვლის შემდეგ რა თანხას მიიღებს მოქალაქე, რომელიც თანხას საპენსიო ფონდში 20-25 წლის განმავლობაში 1000-ლარიანი ხელფასიდან აგროვებს, ნიკოლოზ გაგუამ თქვა, რომ ის ყოველთვიურად, ზედნაშენის სახით, დაახლოებით, 490 ლარს მიიღებს.


„ეს არის ზედნაშენი, რომელსაც დაემატება სოციალური პენსია, რომელიც ინფლაციაზე მნიშვნელოვნად მეტად გაიზრდება.

 

ასევე არსებობს ე.წ. პროგრამული გატანის შესაძლებლობა. პირობითად, თუ მამაკაცმა 65 წლის ასაკს მიაღწია, ქალბატონმა კი 60 წლის ასაკს და გადაწყვიტა, რომ ჯერ კიდევ აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ანუ მუშაობს, შეუძლია, დაგროვება გააგრძელოს იმისთვის, რომ პენსია უფრო მეტი ჰქონდეს", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner