logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: ნაგვის გადაყრაზე თუ 200 და 500 ლარია ჯარიმა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზეც უნდა ყოფილიყო
- +

22 თებერვალი. 2016. 12:23



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანი განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სანქციების შემოღების შესახებ, ყველაზე უნდა გავრცელებულიყო. სოსო ჯაჭვლიანმა განცხადება გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში გააკეთა:


„საქართველო ყოველთვის ტოლერანტული ქვეყანა იყო, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში ხდება, ეს ვიღაცამ ძალიან ცუდად, ქვეყანაში სიტუაციის ასარევად შეიძლება გამოიყენოს. მეჩეთზე ღორის თავის მიჭედება არ შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას ქვეყნის არევ-დარევა უნდა.

 

ზოგი ამბობდა - ვინ განსაზღვრავს, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა რა არისო? ეს ძალიან რთული ჩამოსაყალიბებელია, მაგრამ ევროპის სასამართლო ამბობს, რომ ეს თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა განსაზღვროს. ზოგ ქვეყანაში დედის გინებაც „იავნანასავით" ესმით, ზოგში კი - პირიქით.

 

მეტი რა დავასახელო, ღორის თავს მეჩეთის კარზე რომ მიაჭედებ, ეს შეურაცხყოფა არ არის? ცხვრის ან ძროხის თავი რატომ არ მიაჭედეს? იმიტომ, რომ იციან, რას ნიშნავს ღორი მუსულმანებისთვის. ესაა შეურაცხყოფა. ამიტომაც უნდა ვიმსჯელოთ.

 

მე რომ მკითხოთ, ჩვენს დროში ეს კანონი საჭირო არ უნდა იყოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ხდება, საჭიროა. ახლო აღმოსავლეთში მილიონობით გაუბედურებული ადამიანია ევროპისაკენ დაძრული. ჩვენკენაც მოდიან და ეს მავანმა შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენოს.

 

კარგად ხვდებიან, რატომაა ეს კანონი მნიშვნელოვანი, მაგრამ ეტყობა, ვიღაცები ძალიან მსუყედ ფინანსდებიან და ასეთი რაღაც არ აწყობთ.

 

არ გინდათ, სიმშვიდე იყოს? ახლა ვიღაც შემეკამათება და აზრის გამოხატვის თავისუფლებას შემახსენებს. აზრის გამოხატვა თავისუფალია და ყველას შეუძლია, მაგრამ თუ შენი აზრის გამოხატვა სხვისთვის შეურაცხმყოფელია ან ამით მისთვის უბედურება მოგაქვს, ამაზე მორალური პასუხისმგებლობა მაინც უნდა აიღო. სისხლის სამართლის დანაშაულად არ ვთვლიდით ჩვენ და ამისათვის არ შემოგვიტანია კანონპროექტი, მაგრამ ნაგვის გადაყრაზე თუ 200 და 500 ლარია ჯარიმა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზეც უნდა ყოფილიყო სიმბოლურად", - აცხადებს ჯაჭვლიანი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner