საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის მიერ გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოს მიმართ არის განსაკუთრებული ინტერესი. მეტიც, არის მოწოდებები იმის შესახებ, რომ ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ გამოცდილება იმ რეფორმების შესახებ, რომელიც დავნერგეთ. ჩვენ მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ მსხვილი კორპორაციებიდან ისეთი სფეროების განვითარების თვალსაზრისით, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. რამდენიმე კომპანიამ დააფიქსირა პოზიცია, რომ წლის მეორე ნახევრიდან, ისინი დაიწყებენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს დელეგაცია დავოსში სამუშაო ვიზიტს დღეს დაასრულებს.