„სატრანსპორტო პოლიტიკა თავის თავში რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და გარკვეული შეზღუდვების, თუ რეგულაციების გარეშე მთლიანი სისტემის მოწესრიგება შეუძლებელია", - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა. ბითაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა ორ ან სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს.
„ამ მთლიანი სისტემის განუყოფელი ნაწილია ე.წ M1 კატეგორიის ტაქსების, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება და მათთვის რეგულაციების შემოღება.
პირველ ეტაპზე მოხდება მათი რეგისტრაცია, ვინც ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. ამისთვის, ადამიანმა უნდა წარადგინოს პირადობისა და ავტომობილის მართვის მოწმობა. პირველ ეტაპზე ნებართვას ყველა მიიღებს, ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ვალდებულებების გარეშე", - განაცხადა ბითაძემ.
ბითაძემ ასევე განაცხადა, რომ პირს, რომელიც ამ სფეროში საქმიანობას გააგრძელებს, ერთადერთი ვალდებულება ექნება - ავტომობილის მართვის დროს თან იქონიოს ნებართვა და მანქანა აღჭურვოს ტრაფარეტით, რათა მისი იდენტიფიცირება მოხდეს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, რეფორმის მეორე ეტაპი გაცილებით კომპლექსური იქნება.
„ერთადერთი, რაც ადამიანს ფინანსური კუთხით ექნება გასაღები, ეს არის ნებართვის ერთჯერადი საფასური, რაც ძალიან მინიმალური იქნება.
დეტალური მუშაობის პროცესში აქტიურად ვიმუშავებთ როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე პროფკავშირებთან, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამ სეგმენტთან მუშაობენ, რათა მაქსიმალურად იყოს დაბალანსებული ჩვენი გადაწყვეტილებები, რომელსაც მეორე ეტაპისთვის მივიღებთ", - განაცხადა მაია ბითაძემ.