logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: „გაზპრომიდან“ საქართველოს საკმარისი ანაზღაურება აქვს იმაში, რა სერვისსაც წევს
- +

25 იანვარი. 2018. 11:48



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან გაზის შემოტანას საქართველო შესაბამისი თანხის არქონის გამო ვერ ახერხებს, რადგან „გაზპრომის" მიერ მოცემული ფული მხოლოდ რუსეთის საზღვრიდან სომხეთამდე გაზის ტრანსპორტირებას ყოფნის.


ჩიქოვანის განცხადებით, მიმდინარე წელს რუსეთიდან გაზის შემოტანა იმიტომ არ ხდება, რომ ამ ეტაპზე ჩვენს მოხმარებას აზერბაიჯანიდან შემოტანილი ბუნებრივი აირი სრულიად აკმაყოფილებს.


„ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ჩვენ თანხით ავიღებთ იმ სერვისის საფასურს, რომელსაც რუსეთს ვუწევთ. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. იმის თქმა, რომ თანხა არ გვყოფნის, არასწორია. ეს არის კონფიდენციალური ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების უფლება არ გვაქვს, თუმცა, საქართველოს აქვს საკმარისი ანაზღაურება იმაში, რა სერვისსაც წევს. რუსეთიდან იმიტომ არ ხდება გაზის შემოტანა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ მოხმარებას აკმაყოფილებს ის გაზი, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოდის ორი მიმართულებით - ეს არის „შაჰ-დენიზის" კონსორციუმი და „სოკარი". თუმცა, ხელშეკრულებაში გვაქვს ის, რომ თუ დაგვჭირდა დამატებითი მოცულობები პიკური მოხმარების ან ავარიის დროს, შეგვიძლია რუსეთიდან შემოვიტანოთ. თუმცა, იმის თქმა, თუ რატომ არ მოგვაქვს რუსეთიდან, მემგონი, არ არის სწორი", - განაცხადა ჩიქოვანმა.


სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან" გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. გასული წლის დასაწყისში „გაზპრომთან" გაფორმებული ახალი, ორწლიანი ხელშეკრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საქართველო აღნიშნული სერვისისთვის ფულად ანაზღაურებს მიიღებდა. უფრო კონკრეტულად, 2017 წელს ნაწილობრივ ისევ ნედლეულით ანაზღაურების ფორმა დარჩა, ხოლო წელს მთლიანად ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდა.


ეკონომიკის მინისტრის 28 დეკემბრის ბრძანებით, 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს. ბალანსის თანახმად, 2018 წელს საქართველო 2.680 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღებას სრულად აზერბაიჯანისგან გეგმავს.


მიმდინარე წლის დასაწყისში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, საქართველო რუსეთიდან გაზს სინამდვილეში, კი არ იყიდის, არამედ ვერ იყიდის, რადგან გაფორმებული კონტრაქტით „გაზპრომის" მიერ მოცემული ფული მხოლოდ რუსეთის საზღვრიდან სომხეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირებას ყოფნის. მისივე თქმით, საქართველოს მიერ „გაზპრომთან" გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ქვეყანა დაახლოებით, 80 მილიონით აზარალა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner