„კონცერტზე ყველაფერი კარგად იქნება და მხოლოდ საუკეთესო სიმღერებს ვიმღერებ. მაყურებელს გააჩნია, როგორ მიმიღებს. რა თქმა უნდა, მე მაქსიმუმს გავაკეთებ",- აცხადებს იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი, რომელიც დღეს სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს.
მსოფლიო ტურის (The Perfetto World Tour) ფარგლებში იტალიელი ვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება. კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან Perfetto - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასთვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: Terra Promessa, Più Che Puoi, Cose Della Vita, Più Bella Cosa, Adesso Tu, Se Bastasse Una Bella Canzone... კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.
„არასდროს მიმღერია საქართველოში! სიამოვნებით წარმოვადგენთ გრანდიოზულ შოუს დედაქალაქში და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კონცერტი თბილისში", - ამბობს მომღერალი.
კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით.
ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება.