logo_geo
eng_logo
მსჯავრდებულებს ნამუშევარი დღეების შესაბამისად, სასჯელის ვადა შეუმცირდებათ
- +

26 იანვარი. 2018. 11:15



სასჯელაღსრულების სამინისტრო მუშაობის სანაცვლოდ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის ვადის შემცირების ინიციატივაზე მუშაობას ასრულებს. ინიციატივის თანახმად, მსჯავრდებულებს ნამუშევარი დღეების შესაბამისად, სასჯელის ვადა შეუმცირდებათ.


როგორც „ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა, ინიციატივის მთავარი მიზანი ორია - მსჯავრდებულებში დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ბიზნესსექტორის დაინტერესება და ხელშეწყობა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოები გახსნან.


სასჯელაღსრულების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინიციატივა მსჯავრდებულებში კრიმინალური სუბკულტურის დამარცხებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

 

„ამ ინიციატივის ძირითადი არსი არის ის, რომ გაიზარდოს პატიმრებში დასაქმების მოტივაცია, რადგან ასე თუ ისე, კრიმინალური სუბკულტურა მაინც ხელს უშლის მსჯავრდებულთა დასაქმებას პენიტენციურ დაწესებულებებში. შესაბამისად, ამ ინიციატივის პრაქტიკაში ამოქმედების შემთხვევაში, ველოდებით, რომ პატიმართა დაინტერესება დასაქმების მიმართულებით გაიზრდება და შესუსტდება კრიმინალური მენტალიტეტი და გავლენები პენიტენციურ სისტემაზე. რაც შეეხება ძირითად კონტურებს, კონკრეტული დანაშაულის კატეგორიაზე არ იქნება მიბმული დასაქმების კუთხით სამინისტროს გადაწყვეტილება, მაგრამ პენიტენციურ სისტემაში დიდი ხანია მოქმედებს მსჯავრდებულების რისკების მიხედვით კლასიფიკაცია. თუ, ვთქვათ, მსჯავრდებულთა ქცევა დამაკმაყოფილებელია, ისინი იცავენ იმ მოთხოვნებს, რაც პენიტენციურ დაწესებულებაშია დანერგილი, ასევე ერთვებიან სარეაბილიტაციო და სოციალურ პროგრამებში, მიეკუთვნებიან დაბალი რისკის ჯგუფს, უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ ამ ინიციატივით სარგებლობის. თუმცა არის მსჯავრდებულების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ამ მიმართულებით ადმინისტრაციასთან არ თანამშრომლობენ, არ იცავენ წესებს, ცდილობენ კრიმინალური მენტალიტეტის გაძლიერებას. ასეთი კატეგორიის მსჯავრდებულები მოთავსებული არიან განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში, მათზე განსაკუთრებული მეთვალყურეობაა დაწესებული და ბუნებრივია, სანამ ისინი რისკს არ შეიმცირებენ, არ ექნებათ საშუალება, რომ მსგავს პროგრამებში ჩაერთონ", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.


მისივე თქმით, კანონპროექტის მიღებამდე სამინისტრო ყველა მხარის პოზიციას, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისა და თავად მსჯავრდებულების მოსაზრებებსაც მოისმენს.

 

„ერთის მხრივ, ეს ინიციატივა შეუწყობს ხელს, რომ მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულებმა იზრუნონ რისკის შემცირებაზე. დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს კი უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ, სარეაბილიტაციო თუ დასაქმების პროგრამებში ჩართვის და ამავე დროს, შეიმცირებენ სასჯელის ვადას", - განაცხადა დარახველიძემ და აქვე დასძინა, რომ მსჯავრდებულთა შორის ამჟამად არსებული დასაქმების მოტივაციას აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაზრდის.


გარდა ამისა, დარახველიძის ინფორმაციით, კანონპროექტის შექმნისას, სასჯელაღსრულების სამინისტრო ევროპული ქვეყნების გამოცდილებასაც იზიარებს.


სასჯელაღსრულების სამინისტრო აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტში შეტანას საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გეგმავს.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner