„საქართველოში პელეს თასის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარება ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას და მსოფლიო-2022-თვის ქართველი ფეხბურთელების მომზადებისთვის თანხების მოძიებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.
მანამდე „არგენტინის სახლი საქართველოში“ და მისი თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, საქართველოში სამხრეთ ამერიკის, საქართველოს და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებების მონაწილეობით საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ჩატარდეს. ორგანიზატორთა თქმით, მსგავსი მასშტაბური ღონისძიება დაეხმარება საქართველოს, განავითაროს კავშირები ბრაზილიასთან, არგენტინასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან კულტურის, სპორტის, ტურიზმის სფეროში და მათთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა დაამყაროს.
პატარქალიშვილის თქმით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.
„ტურნირთან დაკავშირებული ღონისძიებებისგან შემოსული თანხები დაიხარჯება ქართველი ფეხბურთელების გრძელვადიან გადამზადებაზე არგენტინაში, რათა საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე წარმატებულად წარდგეს“, - განაცხადა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.
„არგენტინის სახლი საქართველოში“ საჭიროდ მიიჩნევს, რომ უხლოეს მომავალში სამთავრობო დონეზე შედგეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრების მონაწილეობით.
„თუ გვსურს, დღეს ვიყოთ დიდ საფეხბურთო არენაზე, სამხრეთ ამერიკის გამოტოვება არ შეიძლება“, - ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, პროექტის სპორტულმა კოორდინატორმა რევაზ ძოძუაშვილმა.