logo_geo
eng_logo
დაზარალებულმა მეანაბრემ „ტერაბანკის“ წინააღმდეგ ხანგრძლივი და უსამართლო დავა მოიგო
- +

26 იანვარი. 2018. 15:13



დაზარალებულმა მეანაბრემ მოიგო „ტერაბანკის" წინააღმდეგ ხანგრძლივი და უსამართლო დავა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ტერაბანკს" დაეკისრა მეანაბრის ანგარიშზე განთავსებული და მართლსაწინააღმდეგოდ განკარგული თანხის მეანაბრისათვის უკან დაბრუნება.


მანამდე, ასევე დაზარალებული მეანაბრის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების შედეგად პასუხისგებაში მიეცა ამავე ბანკის ერთ-ერთი ფილიალის მმართველი, რომლის მიმართ 2017 წლის 27 ივნისს დადგა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტერაბანკის" ფილიალის ყოფილი მმართველი დამნაშავედ ცნო ბანკის კლიენტების  კუთვნილი თანხების თაღლითობით დაუფლებასა (სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები) და უკანონო კრედიტების მიღებაში (სსკ-ის 208 მუხლი) არაერთი ეპიზოდისათვის და არაერთი დაზარალებულის მიმართ, რაც მან ჩაიდინა მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მითითებული დანაშაულებებისათვის „ტერაბანკის" ფილიალის მმართველს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისულფების აღკვეთა 7 წლის ვადით.


„ტერაბანკის" დაზარალებულმა მეანაბრემ და მისი ინტერესების დამცველებმა გასული 2 წლის განმავლობაში გამართეს არაერთი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან და საზოგადოებასა და პროფესიულ წრეეებს მიაწოდეს ინფორმაცია „ტერაბანკში"  განთავსებული მნიშვნელოვანი ოდენობის ანაბრის „გაქრობისა" და მასთან დაკავშირებული უპრეცედეტო დანაშაულებრივი სქემის შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და სოციალური პასუხისმგებლობის გამო დაზარალებულის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია „BLB" თანმიმდევრულად ახმოვანებდა საქმის მნიშვნელოვან გარემოებებს და საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას მიმდინარე სისხლისა და სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ, რომელთა განხილვაც ამჟამად დასრულდა და ამდენად სასამართლო გადაწყვეტილებებით, დადასტურდა ყველა ის გარემოება, რაზეც მიუთითებდნენ დაზარალებული და მისი ინტერესების დამცველები. 


მიუხედავად „ტერაბანკის" არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ იმოქმედებდა გამოძიების შედეგებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, „ტერაბანკს" პროცესის არც ერთ სტადიაზე არ გამოუთქვამს რეალური მზადყოფნა მისგან დაზარალებული მეანაბრის კანონიერი უფლებების დაცვისათვის, არამედ ბანკი დავის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე ცდილობდა დაზარალებული მეანაბრის უფლებების ხელყოფას, ცილისწამებას და მის დადანაშაულებას.


ზემომითითებული განაჩენით სისხლის სამართლის საქმეზე და გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეზე ამჟამად უკვე სამართლებრივად გამოირიცხა „ტერაბანკის" ყველა ცილისწამება და ბრალდება დაზარალებულის მიმართ, არამედ, აღნიშნულის სანაცვლოდ კი დადასტურდა „ტერაბანკის" მმართველის დანაშაული და თავად „ტერაბანკის" ვალდებულება, დააბრუნოს დაზარალებულის კუთვნილი თანხა.


სამწუხაროდ, არც მაშინ, როდესაც ამ ბანკში აღმოჩნდა დაზარალებულის (და არა მხოლოდ ერთი დაზარალებულის) ათეულობით გაყალბებული ხელმოწერით შექმნილი დოკუმენტები და ხელშეკრულებები, არც მაშინ, როდესაც ამ ბანკის ფილიალის მმართველის მიმართ დადგა გამამტყუნებლი განაჩენი არაერთი საბანკო მანიპულაციისათვის, არც მაშინ, როდესაც სასამართლომ დაადასტურა, რომ „ტერაბანკმა" მართლსაწინააღმდეგოდ მიიღო მეანაბრის ანაბარზე განთავსებული თანხა და შესაბამისად უკან უნდა დაუბრუნოს მეანაბრეს, ბანკს არ მოუხდია ბოდიში დაზარალებული მეანაბრისათვის, რომელიც მხოლოდ იმის გამო დაზარალდა, რომ ამ ბანკს ანდო და მიაბარა თავისი ანაბარი 2013 წელს, რომელიც ამ ბანკში განხორციელებული სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად „გაქრა" 2014-ში და რომლის უკან დაბრუნებას დღემდე ელოდება მეანაბრე. 


დაზარალებული მეანაბრისა და მისი ინტერესების დამცველი იურისტების არაერთი მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად „ტერაბანკმა" არ შეასრულა მისი უპირველესი მოვალეობა, არ დაიცვა მისი მეანაბრე/კლიენტის ინტერესები. ამასთან, ამ ბანკმა ვერ მოახერხა კლიენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვა საკუთარი თანამშრომლების დანაშაულებრივი ქმედებისაგან, როგორც პრევენციულად, ისე, პოსტ-ფაქტუმ, დანაშაულის აღმოჩენისა და გამოაშკარავების შემდეგ.


საქმის გარემოებების მოკლე აღწერა

(ქვემოთ მითითებული გარემოებები დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით):


მეანაბრემ  2013 წლის აპრილში, „ტერაბანკის" მიერ შემოთავაზებული მაღალი სარგებელის მიღების მიზნით, ამავე ბანკში  მის კუთვნილ ანგარიშზე განათავსა თანხა 800,000 (რვაასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. თანხის დეპოზიტზე განთავსებიდან ერთი წლის განმავლობაში „ტერაბანკი" მართლაც უხდიდა მეანაბრეს შეთანხმებულ სარგებელს. ერთი წლის განმავლობაში 2014 წლის აპრილამდე მეანაბრემ შეამცირა მის ანგარიშზე განთავსებული თანხა, ხოლო დარჩენილი თანხა, დატოვა „ტერაბანკში" არსებულ მის საბანკო ანგარიშზე კვლავ მაღალი სარგებელის მიღების ინტერესიდან გამომდინარე.  მეანაბრეს მის ამავე ბანკში გახსნილ საბარათე ანგარიშზე, მომდევნო თითქმის 2 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, ერთიდაიმავე რიცხვში, მართლაც ერიცხებოდა დეპოზიტის შესაბამისი სარგებლის ექვივალენტური თანხა, რაც მეანაბრეს აფიქრებინებდა, რომ მისი დეპოზიტი უსაფრთხოდ იყო განთავსებული „ტერაბანკში" და იგი დაუბრკოლებლად ღებულობდა სარგებელს დეპოზიტიდან.  


2016 წლის მარტში, როდესაც მეანაბრის კუთვნილი სარგებლის თანხა აღარ ჩაირიცხა მის საბარათე ანგარიშზე, დაყოვნების გასარკვევად „ტერაბანკში" მისული მეანაბრისაათვის ცნობილი გახდა  შემაძრწუნებელი ამბავი: მის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხა იყო ნულის ტოლი, ანუ იგი აღარ ფლობდა მის მიერ ბანკში შეტანილი თანხის არც ერთ თეთრს, თანაც თურმე 2014 წლის აპრილიდან.


როგორც შემდგომში გაირკვა მეანაბრის არაერთი ხელმოწერის გაყალბების გზით ამავე ბანკის ფილიალის მმართველი მის დეპოზიტს იყენებდა სხვა უკანონო კრედიტების უზრუნველსაყოფად. საბოლოოდ კი, დაზარალებული მეანაბრის დეპოზიტით კვლავ ყალბი დოკუმენტის შექმნის გზით, დაიფარა დაზარალებულისათვის სრულიად უცნობი 4 პირის სესხი/კრედიტი „ტერაბანკში". ეს კრედიტები კი, როგორც აღმოჩნდა, გაცემული იყო უკანონოდ ამავე ფილიალის მმართველის ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. ჯამში საბანკო მანიპულაციების, ყალბი დოკუმენტებისა და ხელმოწერების შექმნის გზით „ტერაბანკში" გაქრა დაზარალებული მეანაბრის მიერ დეპოზიტზე განთავსებული 759 800 (შვიდას ორმოცდაცხრამეტი ათას რვაასი) აშშ დოლარი, ისე, რომ თავად მეანაბრემ ამის შესახებ შეიტყო მხოლოდ 2 წლის შემდეგ.


განაჩენით დადასტურდა, რომ დაზარალებულის ანგარიშზე განთავსებული თანხა განიკარგა ამავე ბანკის სხვა 4 კრედიტორზე უკანონოდ გაცემული სესხის დაფარვისათვის. შესაბამისად, ეს თანხა მიიღო ბანკმა, ამიტომ, ბანკისათვის   ხანგრძლივი ლოდინისა და დავის შემდგომ პროცესი დასრულდა დაზარალებულის გამარჯვებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით „ტერაბანკს" დაევალა 500.000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხისა და ზიანის, 500.000 აშშ დოლარის წლიური 4%-ის გადახდა თანხის სრულად დაფარვამდე.


სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაზარალებულის მოთხოვნა ზიანის 12%-ით განსაზღვრის თაობაზე და ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს 0.5%-ის  დაკისრების შესახებ. ამიტომ, დაკისრებულ თანხის ოდენობის ნაწილში დაზარალებული გაასაჩივრებს გადაწყვვეტილებას სააპელაციო სასამარლოში.


იურიდიული კომპანია BLB გამოაქვეყნებს, როგორც განაჩენს, ისე სასამართლო გადაწყვეტილებას საქმის პრეცედენტულობის გათვალისწინებით, ვინაიდან გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ბანკების კლიენტების დაცვის საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსებისათვის. გადაწყვეტილებით დადგენილი ბანკის პასუხისმგებლობის სტანდარტი ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბანკების პროფესიული გაერთიანებებისათვის, რათა მათი ყურადღების ქვეშ მოექცეს საბანკო სისტემაში არსებული დანაშაულების შემთვევები და კლიენტების უფლებათა უგულვებელყოფის ფაქტები და გარემოებები. კეთილსინდისიერი საბანკო დაწესებულებებისათვის ეს პრეცედენტი ასევე მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევების პრევენციისა და ბანკების პასუხისმგებლობის გააზრებისა და გაზიარებისათვის.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner