გენო პეტრიაშვილი პროფესიული საჭიდაო ლიგის ჩემპიონი გახდა. პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, რომელიც ნიუ დელიში 17 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. ექვსგუნდიანი ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გენო პეტრიაშვილის გუნდი - „პანჯაბ როიალსი" და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის - „ჰარიანა ჰამერსი" დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ პანჯაბელებმა 6-3 მოიგეს.
პირველად ხალიჩაზე 57 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გავიდნენ. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა - ხინჩეგაშვილმა ინდოელ ნივენ კუმარს პირველ პერიოდში აღებული ოთხი ქულა აკმარა და 4-0 გამარჯვების შედეგად „ჰარიანა ჰამერსი" დააწინაურა.
გენო პეტრიაშვილს ხალიჩაზე გასვლამ მაშინ მოუწია, როდესაც გუნდებს შორის ანგარიში 2-2 იყო. ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქეც ასევე მასპინძელი - უმიტი იყო. ქართველმა ფალავანმა ფინალურ დაპირისპირებაში მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. პირველი პერიოდი პეტრიაშვილმა 9-0 მოიგო, რასაც მეორე პერიოდის დაწყებიდან 1:45 წამში კიდევ შვიდი უპასუხო ქულა დაუმატა, 16 -0 გაიმარჯვა და აშკარა უპირატესობის გამო შეხვედრა ვადამდე შეწყდა.
დარჩენილი ოთხი ორთაბრძოლიდან პანჯაბელებმა კიდევ სამი მოიგეს და ეს გუნდიც ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. შარშანდელ ფინალშიც ერთმანეთს „პანჯაბ როიალსი" და „ჰარიანა ჰამერსი" შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მაშინ ჩემპიონთა შემადგენლობაში ასპარეზობდა.
აღნიშნულ ტურნირზე კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი პეტრიაშვილის ინდივიდუალური წარმატება იყო. მან შეჯიბრზე ჩატარებული შვიდი შეხვედრიდან შვიდივე მოიგო და საუკეთესო მოჭიდავეც გახდა.
შეგახსენებთ, რომ ლიგის ორგანიზატორები საუკეთესოს სტატისტიკის მიხედვით ავლენდნენ. პეტრიაშვილთან ერთად შვიდიდან შვიდი მოგება „ჰარიანა ჰამერსის" რუს მოჭიდავეს - ხეთაგ ცაბალოვს ჰქონდა. ტურნირი წაუგებლად დაასრულა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც, თუმცა მას მხოლოდ ექვსი ორთაბრძოლის ჩატარებამ მოუწია.