პარიზში წყალდიდობა გრძელდება. დღეს, ადგილობრივი დროით 7 საათზე მდინარე სენაში წყლის დონემ უკვე 5,69 მეტრს მიაღწია. ვარაუდობენ, რომ გადაუღებელი წვიმების შედეგად ხვალისთვის მდინარეში წყლის დონე 6 მეტრს მიაღწევს, რაც ნორმას 4 მეტრით აღემატება.
უკვე დატბორილია დედაქალაქის გარეუბნების ნაწილი, შეჩერებულია მდინარეზე ტურისტული ნავების მოძრაობა, ასევე შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლაც. წყალდიდობის საფრთხის გამო დაიხურა ლუვრის მუზეუმის ნაწილიც.
მეტეოროლოგების პროგნოზით, წყლის მაღალი დონე მდინარე სენაში მომავალ კვირაშიც შენარჩუნდება.