logo_geo
eng_logo
„Deutsche Welle“-ს ჟურნალისტის თქმით, სააკაშვილის მმართველობის სტილი სრულად ავტორიტარული იყო
- +

27 იანვარი. 2018. 15:25


 

ტელეკომპანია „Deutsche Welle"-ს გადაცემაში  „CONFLICT ZONE"   ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილს ტელეკომპანია „იმედის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ადამიანის უფლებათა დარღვევები, მათ შორის უკანონო, ფარული ჩანაწერების შენახვის ფაქტებიც   შეახსენა.


ჟურნალისტი: მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვის მაჩვენებელიც არ იყო კარგი თქვენი ხელისუფლების დროს. თქვენ თავს დაესხით პრესას. მაგალითად, 2007 წელს „იმედის" ტელევიზიაში შეიჭრა თქვენი უსაფრთხოების სამსახური, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, გაანადგურეს ტექნიკა.


სააკაშვილი: მაგრამ, ერთი წუთით... ის ტელევიზია მალევე გავიდა ეთერში და დღესაც იქ არის. 


ჟურნალისტი: მაგრამ თქვენ იმ ტელევიზიაში თქვენი კომისარი დანიშნეთ, რომელიც ხუთი წელი მართავდა მას.


სააკაშვილი: მის გარდა კიდევ უამრავი ტელევიზიაა. ჩემი მუშაობის მთავარი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონში თავისი ნებით არავინ მიდის თანამდებობიდან. როდესაც მე სრული ძალაუფლება მქონდა, იმაზე მეტი, ვიდრე პოროშენკოს შეიძლება აქ ჰქონდეს, მე ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობა არჩევნების გზით. მე მთელი ძალაუფლება გადავეცი...


ჟურნალისტი: და რა, ასე არ უნდა მოქცეულიყავით?


სააკაშვილი: აბსოლუტურად.


ჟურნალისტი: იმის თქმას ცდილობთ, რომ ისეთი რამ გააკეთეთ, რაც ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურმა პრეზიდენტმა არ უნდა გააკეთოს?


სააკაშვილი: მე იმას ვამბობ, რომ ჩვენს რეგიონში ამას არავინ აკეთებს.


ჟურნალისტი: თედო ჯაფარიძე, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, აცხადებს, რომ თქვენი პირველი ვადის ბოლოს ნათელი გახდა, რომ საკუთარ უფლებამოსილებას  ურყევი ძალაუფლების შესაქმნელად იყენებდით. მმართველობის თქვენი სტილი იყო სრულიად ავტორიტატული. დიახ, ეს ასე იყო.


სააკაშვილი: თედო ჯაფარიძე მუშაობდა „გაზპრომის" უდიდეს აქციონერთან.


ჟურნალისტი: ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მართალი არ იყო. კიდევ უამრავი ადამიანი აცხადებს იმავეს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები.


სააკაშვილი: მომისმინეთ, ჩვენ შევძელით და ბიზნესის კეთების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ქვეყნიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩამოვყალიბდით. ასოცდამეშვიდე პოზიციიდან მეცხრე პოზიციაზე გადავინაცვლეთ.


ჟურნალისტი: და თქვენ უთვალთვალებდით თქვენსავე ხალხს.


სააკაშვილი: ეს სიმართლე არ არის.


ჟურნალისტი: თქვენ გქონდათ ბინძური ქსელი, ინახავდით უამრავ ჩანაწერს პოლიტიკოსების, აქტივისტების და ცნობილი ქართველების შესახებ. აღმოჩენილი იქნა უამრავი ფაილი.


სააკაშვილი: არავინ, არასოდეს... ნუ იმეორებთ რუსული პროპაგანდის ამ სიბინძურეს. ასეთი ფაილები არავის არასოდეს დაუმზადებია.


ჟურნალისტი: ეს მასალები 2013 წლის სექტემბერში განადგურდა, მთავრობამ გაანადგურა ასორმოცდათხუთმეტი ფაილი პრესის თანდასწრებით.


სააკაშვილი: არავინ, არასოდეს... ასეთი ფაილები არავის არასოდეს დაუმზადებია.


ჟურნალისტი: პრესის თვალწინ.


სააკაშვილი: ამის მტკიცებულება არავის არასოდეს წარმოუდგენია. ეს ყველაფერი დადგმული იყო პირველ რიგში რუსული პროპაგანდის მიერ და გაიმეორა „გაზპრომის" უდიდესმა აქციონერმა. მე სპეციალურად ავკრძალე რაიმე სახის პირადი ჩანაწერების შეგროვება, ეს პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სწორედ ასეთ ჩანაწერებს იყენებდნენ ჩემს წინააღმდეგ წინა ხელისუფლების დროს და ახლაც ცდილობენ. მე უბრალოდ მეზიზღება ამის კეთება. საქართველოში სისტემა იდეალურისგან შორს იყო, მაგრამ საქართველოში გატარდა რეგიონში საუკეთესო რეფორმები კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ჰქონდა საუკეთესოდ მოქმედი ინსტიტუტები, რა თქმა უნდა, სასამართლოს გარდა. მათ დაიქირავეს ათი გამომძიებელი, რომლებმაც გამოიკვლიეს ჩემი ანგარიშები, ოფშორები, მაგრამ ვერაფერი იპოვეს, იმიტომ, რომ უბრალოდ არ არსებობს.


ჟურნალისტის შეკითხვაზე - იბრძვის თუ არა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში  ბოლომდე იმისათვის, რომ ციხეს  გადაურჩეს,  საქართველოს ექს-პრეზიდენტი პასუხობს, რომ მას შეუძლია, დღესვე ჩაჯდეს თვითმფრინავში და ნებისმიერ ქვეყანაში გაფრინდეს, რათა ციხეს გადაურჩეს.


ჟურნალისტი: და მერე რატომ არ იქცევით ასე? იმიტომ, რომ მოგწონთ, რასაც აკეთებთ, მოგწონთ, რომ სხვებისგან გამოირჩევით. დავუბრუნდეთ თქვენს ნათქვამს: „არ  მინდა, სხვებისნაირი ვიყო".


ამ შეკითხვის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ იგი ოლიგარქებს გამარჯვებას ადვილად არ მოაპოვებინებს.

 

„ოლიგარქები იმარჯვებენ საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ყველგან. ჩვენ კი არ შეგვიძლია, მათ ასე გავუმარტივოთ საქმე. არ შეგვიძლია, ადვილად მოვაპოვებინოთ გამარჯვება. ისინი ამცირებენ ადამიანებს, ისინი კორუმპირებულები არიან, ისინი ანადგურებენ მათ მომავალს და პერსპექტივას. საბოლოოდ ისინი გაანადგურებენ ამ ქვეყნებს, იმიტომ, რომ ისინი დაიშლება. არ შემიძლია, წავიდე სხვა ქვეყანაში, მაგალითად ნიდერლანდებში და ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურო", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner