logo_geo
eng_logo
თსუ-ში გამოფენა „ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა“ გაიხსნა
- +

24 აპრილი. 2016. 12:10


ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო დღეების ფარგლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა" გაიხსნა. ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.       



თვალთვაძის განცხადებით, გამოფენაზე ძალიან საინტერესო მასალაა წარმოდგენილი.


პირველად გამოიფინა ექსპონატები, რომელიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო და  მხოლოდ არქივებში ინახებოდა. უნივერსიტეტში საკმაოდ ფართოდ და საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნება ივანე ჯავახიშვილის იუბილე. გუშინ სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, დღეს - სამეცნიერო ფორუმი, რომელზეც გამოვლინდნენ საუკეთესო მოხსენების ავტორი პროფესორები; 25 აპრილს სტუდენტური ფორუმი ჩატარდება, რომელზეც გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან. საიუბილეო ღონიძიებები უნივერსიტეტში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება",- აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.



გამოფენაზე წარმოდგენილი საგამოფენო მასალები თვალსაჩინოს ხდის დიდი მეცნიერის შემოქმედების ნაკლებად ცნობილ სფეროს, როგორიცაა კარტოგრაფია. გამოფენა მომზადებულია თსუ-ს მუზეუმის მიერ, ხოლო წარმოდგენილი მასალები მთლიანად მოძიებული და დამუშავებულია ივანე ჯავახიშვილის ცენტრის მიერ, რომელიც მათ საფუძველზე ატლასის გამოცემას გეგმავს. გამოფენილ კარტოგრაფიული ნაწარმოებებიდან 7 რუკა ან ივანე ჯავახიშვილის მიერაა შექმნილი ან მისი უშუალო მონაწილეობით.



ივანე ჯავახიშვილის 140 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები თსუ-ში 15 აპრილს დაიწყო. კასპის რ-ნის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა ფოტოალბომის "სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან" წარდგინება. ფოტოალბომი საქართველოს პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თსუ-ს ბიბლიოთეკამ გამოსცა. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს სტენლი მალოის თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა; დღის ბოლოს შედგა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის „მათ შექმნეს უნივერსიტეტი - ფილმი I. ივანე ჯავახიშვილის " ჩვენება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner