26 იანვარს ბელგიაში ლიეჟის სამეფო თეატრში ოპერა „კარმენის" პრემიერა გაიმართა, რომელშიც კარმენის პარტიას ნინო სურგულაძე ასრულებდა, სპექტაკლში კიდევ ერთი ქართველი - პაპუნა ჭურაძე მონაწილეობდა. პრემიერას დირიჟორობდა ცნობილი იტალიელი დირიჟორი სპერანცა სკაპუჩი, რომელმაც ახლახანს ვენის ბალს უდირიჟორა.
პრემიერას, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, ბელგიის სამეფო ოჯახი - მეფე ალბერტი და დედოფალი პაოლა და მისი უდიდებულესობა სამეფო პრინცესა კლერი ესწრებოდნენ, რომელიც კარმენის მეოთხე აქტს შვილებთან ერთად კულისებიდან ადევნებდა თვალყურს.
მაყურებელმა შემოქმედებითი ჯგუფი მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა, სამეფო ოჯახმა კი სურვილი გამოთქვა პირადად შეხვედროდა მონაწილეებს.
მეფე ალბერტმა საუბრისას მთავარი პარტიის შემსრულებელ ნინო სურგულაძესთან თავისი აღფრთოვანება გამოხატა და აღნიშნა, რომ ოპერა „კარმენს" პირველად დაესწრო.