„ბანკებს უკვე კანონის ძალით აეკრძალათ არაპროფილური საქმიანობა", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ „საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა საბანკო ჰოლდინგებზე სრული ზედამხედველობის უფლებამოსილება და ჯგუფების ინფორმაციზე წვდომის უფლებამოსილებაც მიიღო.
„ბანკების არაპროფილურ საქმიანობას რაც შეეხება, ჩვენ დაბალანსებული მიდგომის მომხრე ვართ და შესაბამისად ეს ასახულია კანონმდებლობაში. ჩვენ ამას მეორე ეტაპის რეფორმას ვუწოდებთ, პირველი იყო, როდესაც წერილობითი მითითებით ბანკებმა გამოყვეს აქტივები და ზოგმა ჰოლდინგის დონეზე აიტანა.
მეორე ეტაპზე რაც მოხდა, ცვლილებებით უკვე ძალაში შევიდა - ბანკებს უკვე კანონის ძალით, იურიდიულად აეკრძალათ არაპროფილური საქმიანობა. მათთან აფილირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, ანუ ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებულ კომპანიებს ჩვენ საბანკო ჯგუფები დავარქვით. სწორედ საბანკო ჯგუფის განმარტება მოიცავს ბანკებს და მათთან დაკავშირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. მათზე სრული ზედამხედველობის უფლებამოსილება და ჯგუფების ინფორმაციზე წვდომის უფლებამოსილებაც მივიღეთ. ხშირად საუბრობენ და ზოგჯერ ისე არის გაგებული, რომ ეს იურიდიულად ფლობის აკრძალვას ეხება, თუმცა, ამაზე არა ერთხელ გაგვიცხადებია, რომ ეს მესამე ეტაპის რეფორმაა და მარტივი არ არის.
ჩვენ ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ეს ცალმხრივად ეროვნული ბანკის საკითხი არ არის, რადგან ისეთ საკითხებს ეხება, როგორიც არის რეალურ სექტორში ინვესტიცია, კონკურენცია და ა.შ. ამასთან დაკავშირებით პარლამენტთან და მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა. გარკვეული სავარაუდო მოდელი იდეის დონეზე შემუშავებულია და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კონტურებს მიიღებს.
მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაჩნდა ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში - კომერციული ბანკების ადმინისტრატორებს, ანუ მაკონტროლებელ პირებს(აქციონერებს, საბჭოს წარმომადგენლებს, ტოპ მენეჯერებს) ვინაიდან მათ სექტორის ინფორმაციასთან წვდომა აქვთ, აეკრძალათ ასეთი ინფორმაციის გამოყენება სხვა სექტორში უპირატესობის მისაღებად. ამის უკან დგას ის, რომ სები გააკონტროლებს, თუ რა ინფორმაციასთან აქვს წვდომა. ჩვენ მოცემული გვაქვს გარკვეული ვადა, რომ შესაბამისი მექანიზმები შევიმუშაოთ სანქციების ჩათვლით და აღნიშნული საკითხი ამ პერიოდში უფრო გამჭვირვალედ და თვალსაჩინოდ იქნება დასრულებული. დრო პირველი კვარტლის ბოლომდე გვაქვს. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ჩვენთვის უცხოა და მე ხშირად აღვნიშნავ ხოლმე ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი რეგულაცია ბანკებში ინტერესთა კონფლიქტზე და დაკავშირებულ მხარეებთან გარიგებების წარმოებაზე, შესაბამისი პრაქტიკაც არსებობს და ვფიქრობ, რომ დასრულებას მალე შევძლებთ. სამშენებლო სექტორს რაც შეეხება, გასული წელი ამაზე საუბარს დაეთმო. აქ მეორე მხარეც არის საბანკო სექტორის დაკრედიტება სამშენებლო სექტორში 2 მილიარდ ლარზე მეტია. თუ დღეს ვინმეს გარკვეული ნეგატიური გამოცდილება აქვს ბანკთან, ამისთვის ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს. არის კონკურენციის სააგენტოც, სასამართლო, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურა. საუბარია იმაზე, რომ ზოგადად ეს ფონი ხელისშემშლელი ხომ არ არის ბიზნესდაკრედიტების და ჩვენ სწორედ ჩვენი მანდატის ფარგლებში ამ ჭრილში უფრო ვუყურებთ ჩვენ გადაწყვეტილებებს, რომ თუ ბარიერები არის მოიხსნას. ეს მარტივი თემა არ არის და ბევრ ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის დარეგულირებული და აღნიშნულზე კონსულტაციები მიდის მთავრობაშიც და პარლამენტშიც და გონივრულ, ამ ქვეყნისთვის შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ", - აცხადებს კიკორია.
წყარო: bm.ge