დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსები პირველი მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში გაჩერდებიან. კერძოდ, ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე.
მერიის ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა. საკრებულოს საკითხი განსახილველად თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ წარუდგინა.
როგორც „სითი კვირას" ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუმარტეს, გადაწყვეტილება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც შეეხება.
საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე მერიის შესაბამისი სამსახურები დაახლოებით, 259 მოსაცდელის გაფართოვებას უზრუნველყოფენ, რათა ავტობუსებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმაც შეძლონ მგზავრის გაჩერებებზე ჩამოსმა, ისე, რომ საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს.
მარშრუტზე მიკროავტობუსების მიერ მოძრაობის ახალი წესის ადმინისტრირებაში მერიის სამსახურებთან ერთად, საპატრულო პოლიცია მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსების, მხოლოდ ავტობუსის მოსაცდელებთან გაჩერებასთან დაკავშირების განცხადება კახა კალაძემ 2017 წლის 20 დეკემბერს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კახა კალაძის თქმით, მიკროავტობუსები დღეს, ნებისმიერ ადგილას ჩერდებიან და სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოსული მგზავრები ქუჩებზე, მოძრაობის წესების უგულვებელყოფით გადარბიან, რითაც საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავსაც და ავტომობილის მძღოლებს.
„ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და მოწესრიგდეს. ამ ყველაფერში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება", - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურებს საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე, კონკრეტულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება სთხოვა.