დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, მოძრაობა „ეროვნულების" დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძე თავდაცვის მინისტრის პოსტიდან თინა ხიდაშელის გადაყენებას ითხოვს. ამის შესახებ ბრეგაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების გამოძიება მოითხოვა.
„მოძრაობა „ეროვნულები" ვითხოვთ, რომ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ქალბატონი თინა ხიდაშელი. ჩვენი მოთხოვნა უკავშირდება საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც, ჩვენი მონაცემებით, გაყალბდა. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს გახლავთ შეურაცხყოფა იმ იდეებისა, რომელი იდეებითაც „ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ ვუპირისპირდებოდით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს და ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ გააყალბა არჩევნები. ჩვენ დავდეთ პირობა ამომრჩევლების წინაშე, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ არჩევნები აღარ გაყალბდებოდა და ეს პირობა წარმატებით შესრულდა საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების დროს. ჩვენდა სამწუხაროდ, საგარეჯოს შუალედურმა არჩევნებმა ანახა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობის სახით თავმოყრილია ძალა, რომელიც მიდის იმ პრინციპების დარღვევისკენ, რასაც სამართლიანი არჩევნები ჰქვია. რესპუბლიკური პარტიის და მისი ლიდერების მიერ, არჩევნების შესაძლო გაყალბება გახლავთ ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ქმედება. მოვუწოდებ ცესკო-სა და სხვა ორგანოებს, საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების სკრუპულოზური გამოძიება დაიწყონ. გამოძიების დასრულებამდე კი თინათინ ხიდაშელი გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.