ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ექიმი ი.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2012 წლის 18 ივლისს ორსულმა ვ.მ.-მ ქ. ქუთაისში შპს „ქუთაისის N3 სამშობიარო სახლს" მიმართა და ექიმ ი.მ-სთან აღრიცხვაზე დადგა. 2013 წლის 7 იანვარს მას ექიმ ი.მ-ს მიერ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ხოლო 2013 წლის 10 იანვარს სახლში გაეწერა. რამდენიმე დღეში ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მან ი.მ-ს მიმართა, რომელმაც არ მოახდინა პაციენტის მდგომარეობის სწორი შეფასება და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და იგი 2013 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა.
ი.მ.-ს 2014 წლის 4 ივლისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და საქმე წარიმართა სასამართლოში არსებითად განსახილველად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ი.მ. სასამართლო დარბაზში დააკავეს", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.